სტოლტენბერგი: მადრიდის სამიტზე ნატო-ში საქართველოს წევრობაზე მხარდაჭერას დავადასტურებთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2022 წელს მადრიდის სამიტზე ალიანსის მოკავშირეები დაადასტურებენ უცვლელ მხარდაჭერას ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის მომავალი წევრობისადმი.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჯერ ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები მომავალი წლის სამიტზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. საუბარია ჩვენი უახლოესი პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას, როდესაც ეს ეხება ნატო-ში გაწევრიანების სურვილს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო გააგრძელებს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომ უკრაინამ და საქართველომ განაგრძონ სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

“და მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოკავშირეები, არა მხოლოდ ალიანსის შიგნით, არამედ ორმხრივ საფუძველზეც, უზრუნველყოფენ მხარდაჭერას და ამით ეხმარებიან როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს”, – დასძინა მან.

მისივე თქმით, “ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებას უკრაინასა და საქართველოსთან. ეს ასევე იქნება განხილვის საგანი მადრიდში მომავალი სამიტის მომზადებისას”.

სამიტის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სტოლტენბერგის თქმით, ის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები