თიანეთის მუნიციპალიტეტში შვილის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.