სოზარ სუბარი: სააკაშვილის უფლებები დაცულია, რადგან ეს არ არის სააკაშვილის ციხე, სადაც ადამიანებს აწამებდნენ

“მიხეილ სააკაშვილი რომ დამნაშავეა და მის მიმართ გამოტანილი იყო განაჩენი ორ კონკრეტულ საქმესა და ძალიან მძიმე საქმეებზე, ეს ყველასთვის და, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებისთვისაც ცნობილია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებები დაცულია.

“კახა კუჭავას ვიზიტი უკრაინაში დიდი ხანია, დაგეგმილია. დღეს იქ არიან უამრავი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები. ასე რომ, ეს ვიზიტი არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, მაგრამ შესაძლოა, ამ საკითხსაც შეეხონ და იყოს ლაპარაკი, არაოფიციალურ დონეზე მაინც. ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები უკრაინასთან ურთიერთობაზე არანაირად არ აისახება. სააკაშვილი რომ დამნაშავეა და მის მიმართ გამოტანილი იყო განაჩენი ორ კონკრეტულ საქმეზე და ძალიან მძიმე საქმეებზე, ეს ყველასთვის და მათ შორის უკრაინის ხელისუფლებისთვისაც ცნობილია. გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს გამოგვეძიებინა თითოეული დამნაშავე პირის პასუხისმგებლობა და მათ შორის მოხსენიებული იყო მიხეილ სააკაშვილიც. ადამიანი, რომლის ქმედებამ გააოგნა ევროპული სასამართლო და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ ეს გამოგვეძიებინა. ბოლო დღეებში სააკაშვილმა ამ საქმეებს დაამატა ორი დანაშაული, ერთი უკრაინაში და ერთი საქართველოში, როდესაც მან დაარღვია უკრაინის კანონმდებლობა და საზღვარი გადაკვეთა არალეგალურად და მეორე, როდესაც მან გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი ასევე არალეგალურად. ალბათ, უკრაინის მხარეც დაიწყებს გამოძიებას. უკრაინის მხარეს აქვს ვალდებულება, კომუნიკაცია ჰქონდეს ჩვენს იუსტიციის სამინისტროსთან, დაინტერესდნენ – ხომ არ ირღვევა სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები. კონსულმა უკვე ნახა და მე გარწმუნებთ, ვერანაირ დარღვევას ის ვერ აღმოაჩენდა, რადგან ეს არ არის სააკაშვილის ციხე, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები