ირაკლი კობახიძე: ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, უფრო გამყარდა ჩვენი მანდატი

“ჩვენი პრინციპული ამოცანა იყო იმ შედეგის გამეორება, რომელიც მივიღეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ ეს შევძელით, ავიღეთ ხმების 47 %, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ და, შესაბამისად, უფრო გამყარდა ჩვენი მანდატი, რომელიც გვქონდა მონიჭებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში‘’, – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიო ,,იმედის’’ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, 64 ოლქიდან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში ,,ქართული ოცნების’’ გამარჯვებით დასრულდა პირველი ტურები, ხოლო დარჩენილ 20 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია.

,,ძალიან კმაყოფილები ვართ იმ შედეგით, რომელიც მივიღეთ არჩევნებში. გარდა ამ პროცენტული მაჩვენებლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 64 ოლქიდან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მოვიგეთ არჩევნები, რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს – 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება მეორე ტურები. თუმცა, იქაც ვართ დარწმუნებულები, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. საკრებულოებში მეორე ტურებამდეც გვაქვს მოპოვებული მანდატების 66 %, შესაბამისად, ეს რიცხვები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ძლიერი, მყარი და შთამბეჭდავი’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები