სოზარ სუბარი: მეგის ქარდავა და მიხეილ სააკაშვილი თავისი თვალით ნახავენ, რა განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ სისტემასა და იმ სისტემას შორის, სადაც ადამიანებს არ აწამებენ
“სიმბოლური იყო, რომ სწორედ ამ არჩევნების წინ, ერთმანეთისგან ორი კვირის დაშორებით, ორი მთავარი დამნაშავე, უსამართლობისა და წამების ორი სიმბოლო აღმოჩნდა ქართულ ციხეში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეგის ქარდავა და მიხეილ სააკაშვილი თავისი თვალით ნახავენ, რა განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ სისტემასა და იმ სისტემას შორის, სადაც ადამიანებს არ აწამებენ.
„ქართული ოცნების“ მიმართ ჩვენი მხარდამჭერების მთავარი პრეტენზია ამ 9 წლის განმავლობაში იყო ხოლმე, რომ არ მოხერხდა სამართლიანობის სრულად აღდგენა. როცა ამას გვსაყვედურობდნენ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ვერც ქუჩაში უსამართლოდ დახვრეტილი პირები, ვერც ციხეში წამებით დაღუპული ადამიანები ვერ გაცოცხლდებოდნენ და არც წამებით შერყეული ჯანმრთელობის აღდგენა ხდება ხშირად. ისინი ითხოვდნენ ერთ რამეს, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. სიმბოლური იყო, რომ სწორედ ამ არჩევნების წინ, ერთმანეთისგან ორი კვირის დაშორებით, ორი მთავარი დამნაშავე, უსამართლობისა და წამების ორი სიმბოლო აღმოჩნდა ქართულ ციხეში. მეგის ქარდავა, რომელიც მთავარი მწამებელი იყო და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იყო ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი. ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობრივი და დამნაშავე რეჟიმი და არც მოღალატეებს არ ექნებათ რაიმე შანსი და ილუზია ამ თუ შემდეგ არჩევნებში გამარჯვების. დღეს ეს ორი ადამიანი, მეგის ქარდავა და მიხეილ სააკაშვილი თავისი თვალით ნახავენ რა განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ სისტემასა და იმ სისტემას შორის, სადაც ადამიანებს არ აწამებენ, სადაც თითოეულ ადამიანს მკურნალობენ, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ და სადაც უბრალოდ ადამიანურად ეპყრობიან ყველა პატიმარს. აქ არც სააკაშვილია განსხვავებული და არც ნებისმიერი სხვა პატიმარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.