მაკა ბოჭორიშვილი – „მიუხედავად იმ ძალისხმევისა, რაც ოპოზიციონერი კოლეგების დიდმა ნაწილმა გასწია საშინაო თუ საგარეო ველზე, მათ შორის, მიუღებელი მეთოდებით, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა მათ ვერ შეძლეს”

„მუნიციპალური არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მნიშვნელოვანი რამ – თითქმის ერთწლიანი მავნებლური მასკარადი, რომელმაც დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია, ჩრდილი მიაყენა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის ყველაზე მთავარს – ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს და წინსვლას, იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. მიუხედავად იმ ძალისხმევისა რაც ოპოზიციონერი კოლეგების დიდმა ნაწილმა გასწია საშინაო თუ საგარეო ველზე, ყველა მეთოდის და საშუალების გამოყენებით, მათ შორის, მიუღებელი მეთოდებით, მიუხედავად დაუღალავი მცდელობისა, რომ შექმნილიყო ჩვენი ქვეყნის განვითარების უმძიმესი სურათი, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა – მათ ვერ შეძლეს.”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით მუნიციპალურ არჩევნებს უპრეცედენტოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდა, რომლებმაც თავად ნახეს, რომ საქართველოს ხელისუფლების სიძლიერე არის ჩვენს მხარდაჭერაში, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომელიც უბრალოდ არ ყალბდება. სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო ოდირს, ევროსაბჭოს კონგრესს, ევროპარლამენტს და ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც უზრუნველყო სადამკვირვებლო მისიების მოვლინება საქართველოში.

„არჩევნების შეფასებები მნიშვნელოვანია დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ის შეფასება, რაც ერგო ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობას. დღეს ქვეყანას აქვს გამართული სამართლებრივი ბაზა იმისთვის, რომ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თვიდან აგვეცილებინა მუნიციპალური არჩევნების არსის შეცვლა და მისი გადაქცევა ეროვნულ საკითხად, რაც ბუნებრივია, გარდაუვალს გახდიდა პოლარიზაციის მაღალ ხარისხს. იგივე მოსაზრება დაფიქსირდა დამკვირვებლების მიერ არჩევნების შეფასებისას”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ეუთო ოდირის საბოლოო შეფასებებს დაელოდება, ყურადღებით შეისწავლის მათ რეკომენდაციას, რათა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდეს ქვეყნის დემოკრატიის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ მთელი ძალისხმევა მოხმარდეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და არა უსაფუძვლო ხელოვნური კრიზისების მართვას.

მაკა ბოჭორიშვილმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატების ნაწილი კვლავ არ იმყოფება სხდომათა დარბაზში. „მსურს სინანული გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ევროპელი კოლეგების მოწოდებებისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის პირდაპირი დაკავშირებისა ევროპულ მომავალთან, მიუხედავად ხალხის ნებით მიღებული მკაფიო გზავნილისა, ამ დარბაზში დღეს არ არის წარმოდგენილი დეპუტატების ნაწილი და ისინი ასეთი ქცევით უარს ამბობენ ქვეყნის სწორი განვითარებაში რაიმე წვლილის შეტანაზე და ადასტურებენ, რომ მზად არიან საკუთარ დესტრუქციულ ინტერესებს შესწირონ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ოქტომბერს გააკეთეს არჩევანი და ამით, თავისი წვლილი შეიტანეს საკუთარი სოფლის, ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვისაც ურყევად სჯერა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ვინც გვენდობა და ვინც მხარი დაგვიჭირა. მათი აქტიურობის და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისთვის საჭირო შედეგის მიღება და ამ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მუნიციპალურ არჩევნებში. მსურს ასევე, მადლობა გადავუხადო საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელს, იმ ადამიანებს რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ არჩევნები ყოფილიყო კარგად ადმინისტრირებული, მოქალაქეებს შეუფერხებლად მისცემოდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და საარჩევნო პროცესს მიეღო მაღალი შეფასება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები