შალვა პაპუაშვილი: ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან იმყოფება 400-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხმა მისცა სიკეთეს, სამართალსა და აღმშენებლობას.
მისივე თქმით, ეს არჩევნები ახალი ტექნოლოგიებით ტარდება.
„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან იმყოფება 400-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი. სწორედ მათი დახმარებითაც არავის მივცემთ სიტუაციის არევის შესაძლებლობას. არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ამ უბანზე ხდება ელექტრონული მთვლელების პილოტირება – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. უბნის დახურვის მომენტშივე გვეცოდინება ამ უბნის შედეგები. ეს არის მომავალი, რომელიც წარმატებული პილოტირების შემთხვევაში აუცილებლად დაინერგება ყველგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.