“სააკაშვილის ვიდეომიმართვები რევოლუციური სცენარის ნაწილია” – გიორგი ცუცქირიძე
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვები, პირობითად ბათუმიდან, არის დადგმული სპეკტაკლი, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერი პარტიული ტელევიზიებით გადაიცემა და სწორედ რევოლუციური სცენარის ნაწილია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.
ცუცქირიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ის საქართველოშია.
“რევოლუციებს, რა მიზნითაც უნდა მოხდეს, ერთი საერთო ახასიათებს და ეს არის პოსტრევოლუციური პერიოდი, რაც ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნით, ეკონომიკის სისტემური პრობლემებით, უმუშევრობის ზრდით და სავალუტო კურსის რყევების ფონზე ვითარდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვები, პირობითად ბათუმიდან, არის დადგმული სპეკტაკლი, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერი პარტიული ტელევიზიებით გადაიცემა და სწორედ რევოლუციური სცენარის ნაწილია.
ბუნებრივია, ახალი ვიდეოსერიალებიც იქნება, ზოგიერთთა დასაზაფრად და – ზოგთა გასამხნევებლად.
“ტვ პირველზე” სუს -ის ყოფილი მაღალჩინოსნის გუშინდელი გამოსვლაც და სააკაშვილის მიერ “მოდელირებულ ქრონიკაზე” აგებული ვიდეოები, გარდა ოპოზიციის მხარდამჭერების მობილიზებისა, ძალოვანი სტრუქტურების დემორალიზაბაზეა გათვლილი, რამაც უკვე 2- ში ღამით, დესტაბილიზაციისას უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის რეალური შემოყვანა საქართველოში და რასაც სააკაშვილი უკვე მორიგ ვიდეომიმართვაში ღიად გვიანონსებს. ეს არის რევოლუციური სიტუაციის პროვოცირება, რასაც 3 ოქტომბერს თბილისში პროტესტანტთა მასიური შემოსვლა უნდა მოჰყვეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად და გათვლილია “ქართული ოცნების” შიგნიდან ჩამოშლასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, ეს არის სულ ამ რევოლუციური სცენარის მთელი ფაბულა.
დაშვების დონეზე ეს სცენარი რეალურიც რომ იყოს და სააკაშვილი უკვე იმყოფებოდეს საქართველოში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გზითაა შემოპარული.
მას მაინც მოუწევს წარდგენა ქართული მართლსაჯულების წინაშე, უკვე დამძიმებული მუხლით, არჩევანი კი ხვალ ჩვენი გასაკეთებელია, რას ვაძლევთ ხმას – ქაოსსა და გაურკვეველ მყიფე მომოვალს თუ სტაბილურობას და მშვიდობას!
დღევანდელ პოსტკოვიდ პანდემიურ პერიოდსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რევოლუციური სიტუაციისას ისეთ ღრმა რეცესიაში შეიძლება შევიდეთ, საიდანაც არა თუ ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, არამედ ვარდნის ციკლიდან გამოსვლაც კი სანატრელი გაგვიხდეს რამდენიმე წელი.
ამიტომ, დღეს ჩემი არჩევანი არის მეორე მხარეს – “41 -ის” შემოხაზვით!”, – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს.
“თუ დავუშვებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა შემოიპარა საქართველოში ან არალეგალურად შემოიყვანეს, ეს ფაქტი თავისთავად არის არა” ვა ბანკზე ” წასვლა, არამედ – უფრო მეტი და პოლიტიკური თაღლითობის კატეგორიაში უფრო გადის. თავად ამ ფაქტის დაშვება, რასაც ახლა მისი მხარდამჭერი ტელევიზიები უწყვეტ რეჟიმში ატრანსლირებენ ამტკიცებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი შანსი არც თბილისის მოგების და არც ამ არჩევნების არა აქვს, თავისი სატელიტი პოლიტსუბიექტებიანად.
ამისათვის სჭირდებათ, ამ გამამხნევებელი ფონის დაჭერა, პოტენციურ დეზერტირებზე ნადირობა და სააკაშვილის მოწოდება 3- ში თბილისში ერთიანი პროტესტისათვის, თორემ თუ დარწმუნებული ხარ არჩევნების მოგებაში, არც ვიდეომიმართვების სერიალი და არც პროტესტის აგორება არ არის საჭირო.
მიშას აქ ყოფნის ეს მოდელირებული დიდი ტყუილიც ამაზეა გათვლილი.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი, ყველაფერს კარგად აცნობიერებს და არც ისეთი გულუბყვილო და უვიცია, როგორც ეს “ნაცოპოზიციას” წარმოუდგენია!
ამ რევოლშოუზე ყველაზე კარგი პასუხი ხვალ იქნება, არა ძალადობას, არა რევოლუციებს!”, – წერს ცუცქირიძე.