“ყარაბაღის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა” – აზერბაიჯანში “ხსოვნის დღეს” აღნიშნავენ

აზერბაიჯანში 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მეორე ომის დაწყების წლისთავს აღნიშნავენ, რომელიც 44 დღეს გაგრძელდა და 10 ნოემბერს სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯანს შორის სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. საომარი მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარა.

როგორც ხალხისადმი მიმართვაში დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, ბაქომ ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო-პოლიტიკური გზით მოაგვარა და ომი წარსულს ჩაბარდა.

“აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა. კონფლიქტი სამხედრო-პოლიტიკური გზით მოვაგვარეთ, ის უკან დარჩა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც ისტორიაში დარჩა. აზერბაიჯანში არ არსებობს ადმინისტრაციული ტერიტორია, სახელწოდებით – “მთიანი ყარაბაღი” და თუ ვინმეს სურს, გააცოცხლოს გარდაცვლილი, სახელად “მთიანი ყარაბაღი”, მაშინ ეს გააკეთოს საკუთარ ტერიტორიაზე, შექმნას საკუთარ ტერიტორიაზე რესპუბლიკა, საზოგადოება, სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი” და ჩვენ ვაღიარებთ მას. მაგრამ არა – აზერბაიჯანში! ეს საკითხი მოგვარებულია”, – თქვა ალიევმა.

ალიევის თქმით, ”სომხური ფაშიზმი განადგურებულია, მაგრამ მისი გამოვლინებები ჩანს. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა, სომხური სახელმწიფოსთვის”.

”მე უკვე ვთქვი და დღეს, ხსოვნის დღეს, ჩვენი მოწამეების კურთხეული ხსოვნის წინ მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი თავს ისევ წევს, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი ხალხისა და და სახელმწიფოსთვის საფრთხის ახალი წყარო ჩნდება, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, სომხურ ფაშიზმს თავს გავუხეთქავთ. დაე, ყველამ იცოდეს ეს! არავის დაავიწყდეს, რომ ომისა და გამარჯვების სიმბოლო – “რკინის მუშტი” ადგილზეა! “, – თქვა ალიევმა მიმართვაში.

დღეს, აზერბაიჯანში “ხსოვნის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები