Mediapart: 5 ფრანგი მინისტრის ტელეფონი Pegasus-ის პროგრამით ისმინებოდა

საფრანგეთის მთავრობის, სულ მცირე, ხუთი მინისტრის მობილურ ტელეფონში ნაპოვნია ჯაშუშური პროგრამის – Pegasus-ის კვალი.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო ვებგვერდი – Mediapart ავრცელებს.

როგორც აღინიშნება,  ამჟამად არ არსებობს აშკარა მტკიცებულება იმის, რომ მთავრობის წევრების ტელეფონები გატეხილია, მაგრამ მოწყობილობების სამიზნე იყო მძლავრი ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ცნობილია, როგორც Pegasus და რომლის მწარმოებელია ისრაელის კომპანია – NSO Group-ი.

Pegasus-ი მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშურ პროგრამად სმარტფონებში, რომლის მეშვეობით მოსმენა შესაძლოა, მიმდინარეობდეს რეალურ დროში და გვერდს უვლიდეს “მესენჯერის” დაშიფვრას.

პროგრამა აკოპირებს ტელეფონზე გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებებს, აგროვებს ფოტოებს და იწერს ზარებს.

გარდა ამისა, “პეგასუსი” იძენს წვდომას მიკროფონსა და ვიდეოთვალზე, რაც საშუალებას იძლევა ტელეფონის მფლობელის მოსმენისა და მიყურადებას. პროგრამის დახმარებით შესაძლებელია ტელეფონების ადგილმდებარეობის დადგენაც.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროგრამას მხოლოდ ექსკლუზიურად ქვეყნების სამთავრობო უწყებებზე ყიდიან, ტერორიზმთან და დანაშაულთან საბრძოლველად.

პროგრამა აღმოჩენილია საფრანგეთის განათლების, ტერიტორიების განვითარების, სოფლის მეურნეობის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და საზღვარგარეთის ტერიტორიების მინისტრების ტელეფონებში.

ასევე, თავდასხმის ობიექტი ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მრჩევლის ტელეფონი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები