ისრაელში ე.წ. მწვანე ბარათის არმქონე მასწავლებლებს ხელფასს აღარ გადაუხდიან

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორები გააფრთხილა, რომ საკლასო ოთახებში არ დაუშვან პედაგოგები, რომლებსაც ე.წ. მწვანე პასპორტი არ გააჩნიათ, ასევე, მსგავსი პასპორტის არმქონე მასწავლებლები ხელფასსაც ვერ მიიღებენ.

3 ოქტომბრიდან ისრაელელ პედაგოგებს სამსახურში წარსადგენად ე.წ. მწვანე პასპორტი დასჭირდებათ, სადაც შეყვანილი იქნება ინფორმაცია გადატანილი ვირუსის, ტესტის უარყოფითი პასუხის ან ვაქცინაციის შესახებ.

“მწვანე ბარათის” არქონა არასაპატიო იქნება, ასეთ პედაგოგებს არც ხელფასს გადაუხდიან, მათ დისტანციურად სწავლების უფლება ექნებათ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ “მწვანე ბარათი” მასწავლებლებისთვის 2 სექტემბრიდანაც იყო აუცილებელი, თუმცა, მათ, ვისაც ის არ გააჩნდა, ხელფასს მაინც უხდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამსახურში არ დადიოდნენ.

ისრაელის საშუალო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ, მენაშე ლევიმ თქვა, რომ ახალი წესი შეეხება 210 ათასი მასწავლებლიდან მხოლოდ 300-ს, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილმა უფროსმა, მიხაელ კოენმა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სწორია, რადგან “წარმოუდგენელია, რომ არავაქცინირებული პედაგოგები, რომლებიც ამავდროულად უარს აცხადებენ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაზე, შედიოდნენ საკლასო ოთახებში. მშობლების, ბავშვების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა უნდა იყოს ერთი – ვაქცინაცია. ეს არის ერთადერთი გზა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები