„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ – აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში
28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“ „ლიტერატურის მუზეუმში“ მართავს წიგნების ორიგინალურ ექსპოზიციას – „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა – აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ოფიციალური გახსნა გაიმართება 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (I სართული).
გამოფენაზე წარმოდგენილი აკრძალული წიგნების შესახებ ისაუბრებენ: ლევან ბერძენიშვილი, ანი კოპალიანი, ლაშა ბაქრაძე, პაატა შამუგია, ზაალ ჩხეიძე, შორენა ლებანიძე.
ექსპოზიცია მოიცავს სხვადასხვა დროს ქართულ თუ უცხოურ ენაზე გამოცემულ აკრძალულ წიგნებსა და მათი აკრძალვის ისტორიებს, ასევე აღნიშნული წიგნების თემაზე საგანგებოდ შექმნილი პოსტერების გამოფენას. ღონისძიების პარტნიორია „ლიტერატურის მუზეუმი“.
ცნობისათვის: „აკრძალული წიგნების კვირეული“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ერთგვარი შეხსენებაა ყველასთვის, რაოდენ მნიშვნელოვანია ხმის ამაღლება ცენზურის წინააღმდეგ.
ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების ოფისი და „აკრძალული წიგნების კვირეულის“ კოალიცია.
წლევანდელი კვირეულის მთავარი სლოგანია: ცენზურა გვყოფს – წიგნები გვაერთიანებს!
„აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში“, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ თაოსნობით, 2018 წელს დაფუძნდა. ამ ღონისძიების საქართველოში აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრების იდეა დაეფუძნა გამომცემლობა „ინტელექტის“ საგამომცემლო სერიას „აკრძალული წიგნების თარო“ და ემსახურება საქართველოში სიტყვის, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების მხარდაჭერას.„აკრძალული წიგნების კვირეული“ ყოველწლიური, საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მხარს უჭერს კითხვის თავისუფლებას. კვირეული 1982 წელს, აშშ-ში დაფუძნდა, რაც განაპირობა სკოლებში, წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში გასაჩივრებული წიგნების რაოდენობის მოულოდნელმა ზრდამ. კვირეული ტრადიციულად სექტემბრის ბოლო კვირას იმართება და ხაზს უსვამს ინფორმაციაზე თავისუფალი, შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას. „აკრძალული წიგნების კვირეულის“ გარშემო ერთიანდება წიგნთან დაკავშირებული ყველა პროფესიის ადამიანი: ბიბლიოთეკარები, წიგნის გამავრცელებლები, გამომცემლები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და მკითხველები. ისინი ერთად უჭერენ მხარს აზრების ძიებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე დასწრება და მომდევნო დღეებში, ექსპოზიციის მონახულება თავისუფალია.
გამოფენის სტუმრობა ლიტერატურის მუზეუმში შესაძლებელია 2 ოქტომბრის ჩათვლით, 11:00-დან 17:00 საათამდე.