სალომე ჯიქიას გარეშე „კოვენტ გარდენში“ მოცარტის ოპერა არ იდგმება

პამინა – სალომე ჯიქია და ტამინო – ბერნარდ რიხტერი

უნიჭიერესმა ქართველმა მომღერალმა სალომე ჯიქიამ მცირე დროში შეძლო მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების ყურადღების მიპყრობა. პირველად მას „კოვენტ გარდენში“ სამი წლის წინათ მოუსმინა ლონდონის საზოგადოებამ. მაშინ ის მოცარტის „მითრიდატე პონტოელში“ მითრიდატეს ვაჟიშვილის სიფარეს პარტიას (მამაკაცი სოპრანო) მღეროდა. სალომეს ვოკალურმა და საშემსრულებლო ოსტატობამ არა მხოლოდ მსმენელს განაცდევინა ჭეშმარიტი სიხარული, არამედ პროფესიულ წრეებზეც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომაც მიიწვიეს იგი 2019 წლის საოპერო სეზონში მოცარტის ’’Cosi FanTutte’’-ში ფიორდილიგის პარტიის შემსრულებლად.
კოვიდის გამო ხანგრძლივად გამოკეტილი „კოვენტ გარდენის“ კარი მხოლოდ 15 სექტემბერს გაიღო მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტით“, რომელშიც ქართველი სოპრანო პამინას პარტიას მღერის. ბოლო სამ სეზონში სამეფო ოპერაში სამჯერ დადგეს მოცარტის ოპერა და არცერთს არ ჩაუვლია სალომე ჯიქიას მონაწილეობის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვენტ გარდენში მოცარტს სალომე ჯიქიას გარეშე არ დგამენ…
თანამედროვეობის უდიდესი საოპერო რეჟისორის დეივიდ მაკვიკარის „ჯადოსნური ფლეიტა“ ამ ოპერის საუკეთესო დადგმად არის აღიარებული, რომელიც პირველად 18 წლის წინათ განხორციელდა. მას შემდეგ მაკვიკარის ეს დადგმა მეათედ განაახლეს, იმდენად მოსწონს იგი მსმენელს.
„კოვენტ გარდენში“ მსოფლიო საოპერო ხმების ნამდვილი თანავარსკვლავედი შეიკრიბა ამჯერადაც. ბრენდა რაე, ბერნარდ რიხტერი, კრჟისტოფ ბაკზიკი, დანიელ ბელე, ჰეგი ლი, ჰიუ რენდელი – ყველა მათგანი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს, ბოლომდე იხარჯება სცენაზე და მაყურებლის ოვაციაც სავსებით ბუნებრივია.
ამ დღეებში ლონდონის არაერთი გამოცემა გამოეხმაურა „ჯადოსნური ფლეიტის“ განახლებულ ვერსიას და არცერთ რეცენზენტს არ გამორჩენია სალომე ჯიქიას აღნიშვნა პამინას როლში. მის ხავერდოვან ხმას და სასცენო სრულყოფილებას არავინ დაუტოვებია გულგრილი. უდავოდ დიდი მოვლენაა, როცა „კოვენტ გარდენი“ ამდენხნიანი იძულებული პაუზის შემდეგ იხსნება, სიამოვნებით მიდიხარ ამ სიხარულის გასაზიარებლად. ქართველისთვის კი ორმაგი დღესასწაულია, როცა სალომე ჯიქიას ტრიუმფის მოწმე ხდები.

„ჯადოსნური ფლეიტა“

ვულოცავ ახალგაზრდა სოპრანოს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. რომელი მომღერალი არ იოცნებებდა დეივიდ მაკვიკარის დადგმაში მოხვედრას? სალომე ჯიქია ამ მხრივ მართლაც პრივილეგირებული ხელოვანია. მისი ხალასი ნიჭიერება განაპირობებს ამ პრივილეგიას და მჯერა, იგი მრავალჯერ გაგვახარებს  ახალი როლებით, ახალი მწვერვალებით.
სალომე ჯიქია კიდევ სამ წარმოდგენას მღერის ლონდონში, იგი 4 ოქტომბერს დაასრულებს ლონდონურ ტურნეს. წლის ბოლომდე და გაისად კი მას ლიეჟის, გენუის, ფლორენციის, ნანტის საოპერო თეატრებში ელიან.

             გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები