იტალიაში კარლეს პუჩდემონი დააკავეს
კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელი, კარლეს პუჩდემონი იტალიაში, კერძოდ, სარდინიაში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია პუჩდემონის ადვოკატმა, გონსალო ბოიემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“პუჩდემონი დააკავეს სარდინიაში ჩასვლისთანავე, სადაც ის ევროპარლამენტარის სტატუსით იმყოფება. ეს დაკავება ემყარება ესპანეთის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რა დროსაც გაიცა საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი, რომელიც შეჩერებულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, პუჩდემონი სარდინიაში კატალონიური კულტურის ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
დღეს, პოლიტიკოსი ქალაქ სასარის სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარდგება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების ან ესპანეთში ექსტრადირების შესახებ.
პუჩდემონის დაკავებას ესპანეთის მთავრობაში გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ იტალიის ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.
“ბატონი პუჩდემონის დაკავება შეესაბამება იმ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეზე, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე სასამართლოების წინაშე. ესპანეთის მთავრობა პატივს სცემს იტალიის ხელისუფლებისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა ესპანეთისა და ევროპულ სასამართლოებთან მიმართებით,” – აღნიშნეს ესპანეთის მთავრობაში.
ივლისში, ევროკავშირის სასამართლომ პუჩდემონსა და მის ორ თანამოაზრეს, ანტონი კომინასა და კლარა პონსტატის, სადეპუტატო შეუხებლობაზე უარი უთხრა.
სამივე მათგანი 2019 წელს ევროკავშირის პარლამენტში აირჩიეს. თუმცა, მოვალეობების შესრულება ვერ შეძლეს, რადგან ამას ესპანეთი უშლიდა ხელს.
პუჩდემონი ესპანეთის მართლმსაჯულებას 2017 წლიდან ემალება – მას შემდეგ, რაც კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა.