ჩეხეთის ულტრამემარჯვენე პარტია ევროკავშირსა და ნატო-დან გასვლის რეფერენდუმის გამართვას ითხოვს

ჩეხეთის ულტრამემარჯვენე “თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის” პარტია, რომელმაც შესაძლოა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავრობის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, ევროკავშირსა და ნატო-დან ქვეყნის გასვლის შესახებ რეფერენდუმის გამართვის ინიცირებას გეგმავს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ტომიო ოკამურამ განაცხადა, – იტყობინება Reuters-ი.

გამოცემა წერს, რომ არჩევნებს, სავარაუდოდ, პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია  – ANO მოიგებს, რომელიც ევროკავშირს უჭერს მხარს. თუმცა, მან შეიძლება, უმრავლესობის ფორმირება ვერ შეძლოს, რადგან, გამოკითხვების მიხედვით, კოალიციაში შემავალი პარტიის პარტნიორები პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ხმებს ვერ აგროვებენ.

ამასთან, ორი მთავარი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს ბაბიშთან ერთად მთავრობაში შესვლას. ამიტომ, ოკამურას პარტიას შეუძლია, გახდეს მოლაპარაკებების პარტნიორი, რასაც ANO-ში არ გამორიცხავენ.

ოკამურას განცხადებით, მთავრობის ფორმირების მოლაპარაკებებში მონაწილეობის შემთხვევაში, მისი მოთხოვნა იქნება დაპირება, რომ რეფერენდუმების შესახებ კანონში ცვლილებები შევა.

“ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, რომ მთავრობის მანიფესტი უნდა შეიცავდეს რეფერენდუმის კანონს, მათ შორის, ევროკავშირიდან გასვლის ან პოტენციურად ნატო-დან გასვლის რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას”, – თქვა ოკამურამ პრეზიდენტ ზემანთან შეხვედრის შემდეგ.

ოკამურას პარტია წლებია, ევროკავშირიდან გასვლასა და შესაბამისი რეფერენდუმის გამართვას უჭერს მხარს.

ქვეყანაში ივლისში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჩეხების 66% ევროკავშირში წევრობას უჭერს მხარს, ხოლო 28% – არა.

ჩეხეთის ამჟამინდელი, ბაბიშის მთავრობა რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის წინააღმდეგია. ასევე, მისი მთავრობა მომხრეა, რომ რეფერენდუმის გასამართად საჭირო ხელმოწერების ზღვარი გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები