დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.
მინისტრებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსს შორის როგორც ორმხრივ, ისე, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.
საუბრისას, მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზეც. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამასთან, დიპლომატებმა განიხილეს საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობასაც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, აშშ-ს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტი 2021 წლის 26 სექტემბერს დასრულდება.