კობახიძე – “ენკა”-ზე: ეს არის ცუდი შემდგომი ინვესტიციებისთვის – ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იყო კომპანია “ენკა”-ს მიერ მიღებული.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.
“ეს ყველა შემთხვევაში იყო, რა თქმა უნდა, კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში, თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები. მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის კუთხით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ აშენდება, – ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.