„ე.წ. ჩანაწერებში მაქსიმუმ 20-30 % შეიძლება, იყოს სიმართლე, დანარჩენი აბსოლუტურად გამოგონილი ინფორმაციაა“ – ნანა კაკაბაძე

“მედიით გავრცელებულ ე.წ. ჩანაწერებში, რომელიც ჩემ შესახებაა, მაქსიმუმ 20-30 % შეიძლება, იყოს სიმართლე, დანარჩენები აბსოლუტურად გამოგონილ ინფორმაციას ეფუძნება”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაკაბაძის თქმით, ჩანაწერების გავრცელებით ყველაზე სერიოზული დარტყმა ხელისუფლებამ მიიღო.

„ბოლო რამდენიმე დღეა, კერძო პირებსა და სხვა პირებზეც ტელეეთერებში სხვადასხვა ფაილის, ე.წ. ჩანაწერების გავრცელება გრძლედება, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურას, როგორც მთავარს, ისე ქალაქის პროკურატურას უკვე მივმართე. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ამას დავაწიე ჩემი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ, გარდა იმ ფაქტისა, რომელსაც, ალბათ, გამოძიება დაადგენს, რა არის ეს ჩანაწერები? არის ეს პირადი თვალთვალის და მიყურადების ჩანაწერები, თუ საქმე საერთოდ სხვა რამესთან გვაქვს? სანამ ამას გამოძიება დაადგენს, მათ მივმართე, რომ გამოძიება 157-ე და 159-ე მუხლებით უნდა დაიწყოს, რაც ითვალისწინებს კერძო პირების ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას, რომლის მსხვერპლიც, მათ შორის, მეც გავხდი. როცა პირველი ჩანაწერები გავრცელდა, როგორც მთლიანად საზოგადოებას, მეც გამიჩნდა განცდა, რომ კიდევ გვისმენენ და გვითვალთვალებენ. გაუგებარი იყო, რატომ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო ხელისუფლების ინეტრესებში, როდესაც ამ ჩანაწერების გავრცელებით ყველაზე სერიოზული დარტყმა სწორედ ხელისუფლებამ მიიღო. ეს უაზრო ჩანაწერებია, რომელიც შინაარსობრივად არაფერს მოიცავს ისეთს, რაც ვინმესთვის შეიძლებოდა, საინტერესო ყოფილიყო. ეს არ არის პირდაპირ ჩანაწერები, ესაა პატაკები, კრებსები. ეს სვამს დიდი კითხვის ნიშანს: თუ გამომტანს იმის ინტერესი ჰქონდა, რომ რეალური ინფორმაცია გამოეტანა, მაშინ რატომ არაა ჩანაწერები? ანუ პირდაპირი ხმა და რატომაა ვიღაცის თვითშემოქმედება, თუ ჯგუფური შემოქმედება? ეს კითხვები ნამდვილად დაისვა, მით უმეტეს, ჩემთვის, ვინაიდან ამ ჩანაწერებში მოხსენიებული მეც ვიყავი“, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, მედიაში სავარაუდო მოსმენის თაობაზე ფაილების გავრცელების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში გაჩენილიყო იმის განცდა, რომ მოქალაქეებს უსმენენ.

„გარდა იმისა, რაც გითხარით, რომ ეს უშინაარსო იყო, ამ ჩანაწერებს, ფაქტობრივად, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჩემს საუბრებთან იმ ადამიანებთან, ვისთან საუბრებიც განსაკუთრებით ორმა ტელეკომპანიამ, „ მთავარმა“ და „TV პირველმა“ გამოაქვეყნა. მიხვდი, რომ ამ ჩანაწერებში იყო სიმართლის რაღაც პროცენტი, ანუ ის, რომ მე ამ ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია გამაჩნია, იყო რაღაც ფრაგმენტები, რომლებიც  შესაძლებელია, ინტერვიუდან ან სხვა ადგილიდანაც ყოფილიყო მოპოვებული. ყველაზე დიდი ნაწილი, რაც ამ ჩანაწერებში იყო, ეს იყო ტყუილი. რა საჭირო იყო თუნდაც ასეთი არაფრისმთქმელი ტყუილების მოფიქრება და ეთერში გაშვება? ამას ჰქონდა შემდეგი მიზანი: ერთი, მიმართული იყო ჩემ წინააღმდეგ, რათა მოხსენიებულ ადამიანებთან დაპირისპირება გამოწევია, მეორე მხრივ, ყველაზე უფრო დიდი მიზანი, რაც ამას ჰქონდა, ეს იყო საზოგადოებაში იმის განცდა, რომ გვისმენენ.

დავაკვირდი და რა ხდება: არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჩანაწერებს ადასტურებენ. მე ვამბობ, რომ ჩემს ჩანაწერებში არაფერია სიმართლე, ანუ მაქსიმუმ 20-30 % იყოს სიმართლე, დანარჩენები აბსოლუტურად გამოგონილ ინფორმაციას ეფუძნება. ამ დროს ვუსმენდი ხაზარაძეს, ბოკუჩავს, მგონი გრიგოლიას, რომლებიც ადასტურებდნენ, ამბობდნენ, ჩანაწერები რომელიც პროკურატურამ გაგვაცნო, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენს საუბრებთანო, თუმცა, მათი ჩანაწერები ეთერში არავის უხილავს. ასევე, არ უნახავთ იმ მეორე ადამიანებსაც, ვისთანაც ისენი საუბრობდნენ. ეს ჩანაწერებიც რომ მოხვედრილიყო ეთერში, დაისმებოდა კითხვა: ის მეორე მხარე დაეთანხმებოდა იმას, რომ ასეთი სახის ჩანაწერი არსებობდა? ეჭვი მაქვს, ამ ადამიანების ჩანწერებიც არაა მოპოვებული, ესაა უბრალოდ შექმნილი ლეგენდა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ ხელისუფლება ისევ გვისმენს. მე შორს ვარ იმისგან, რომ ხელისუფლება არ ისმენს, აგერ მერკელს უსმენდნენ და ნანა კაკაბაძე იყოს ისეთი დაცული, რომ არ მოუსმინონ, ეს ხომ გამორიცხულია? სხვა არის, რომ გისმენენ და ამის მტკიცებულება არსებობს და სხვა არის, როცა მოსმენის ეგიდით უშინაარსო, არაფრისმთქმელი დიალოგების გავრცელება ხდება.
პირველი, რითიც დავინტერესდი: ეს ვის ინტერესებში შეიძლებოდა, ყოფილიყო და, აქედან გამომდინარე, ვინ იხეირა ამ ჩანაწერებით? ვინც იზარალა, ხელისუფლება იყო. ვინც ამას აპიარებს, რომელი ტელევიზიები და მათ უკან მდგარი პოლიტიკური ძალები, ე.ი მათ ინტერესებში იყო. დარჩა გამოსარკვევი ის, თუ რეალურად ვინ შექმნა ეს ფაილები. ეს შექმნილია, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წაიღონ ექსპერტიზაზე, ეს დადასტურდება. გავრცელებული ჩანაწერები აბსურდია. ეს არ შეიძლება, იყოს მოპოვებული ჩანაწერები”, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ფაილების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ.

„არის კიდევ მეორე მხარე: სად არის სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც ვადლებულია, ასეთი ჩანაწერის გაკეთებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს. რატომ არ დაიწყო მან გამოძიება? სწორედ ეს ვთხოვე მთავარ პროკურორს, ერთი მხრივ, გაარკვიოს, რა როლი აქვს აქ სახელმწიფო ინსტიტუტს, რატომ არ იწყებს გამოძიებას და რატომ არიდებს თავს პასუხისმგებლობას? ომბუდსმენს დღემდე არ გაუკეთებია არცერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩანაწერები ვრცელდება და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა, არ მოუწოდა პროკურატურას სასწრაფოდ აღკვეთოს ის, რაც ეთერებში ხდება. ასევე, დუმან უფლებადაცვითი, არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები