მიხეილ სარჯველაძე – დმანისის ინციდენტზე: მოწოდებული ინფორმაცია არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა
“მოწოდებული ინფორმაცია ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა, თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ დმანისში ვითარება შეიძლება, ისეთი იყოს, სადაც ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს შეიძლება, მოუწიოს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დმანისში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობას გამართლება არ აქვს.
“რამდენადაც მოვისმინე, გაკეთდა განცხადება, რომ პიროვნება გამოცხადდა თვითონ პოლიციის განყოფილებაში, გაგრძელდება ალბათ საგამოძიებო მოქმედებები და გვეცოდინება მეტი ამ შემთხვევაზე. ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შედეგები დადგეს. სიმართლე გითხრათ, თავისთავად, ეს ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა, არავისთვის კარგი არ არის და ამას ყველა გრძნობს და განიცდის. ამ პირობებში, მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია, ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს და საკმარის მიზეზს იმისთვის, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა. თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ ვითარება შეიძლება, ისეთი იყოს, სადაც შეიძლება ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს მოუწიოს, თუმცა, ამ წუთას ასეთ მოცემულობას, ნამდვილად ვერ ვხედავ. თვითონ კანდიდატმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუ უნდა მიიღოს და მეორე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი, მე ვთქვი, რომ ასეთი საკითხი შეიძლება, დადგეს დღის წესრიგში. ეს ჰიპოთეტურად არ გამოირიცხება, ეს არ გამოირიცხებოდა არც გუშინ და არ გამოირიცხება არც დღეს ფაქტების იმ მოცემულობის პირობებში, რომელიც მე მაქვს და ინფორმაციის ამ პირობებში. როგორი იქნება გადაწყვეტილება მომავალში, ამის თაობაზე მოლოდინებს ნუ შექმნის ჩემი ნურცერთი განმარტება”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისათვის, შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.