როდის დასრულდება პანდემია გერმანიაში – ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვადები დაასახელა

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, 2022 წლის გაზაფხულზე ქვეყანა შეძლებს კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებასა და პანდემიიდან გასვლას.

ამის შესახებ მან გაზეთ Augsburger Allgemeine-თან საუბარში თქვა.

”თუ ვირუსის ახალი ვარიანტი არ გამოჩნდება, რომლისგანაც ვაქცინების დაცვა იქნება დაბალი, რაც ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას გაზაფხულზე და შევძლებთ, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას,” – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია ადრე თუ გვიან.

“ერთადერთი კითხვაა, რა გზით – ვაქცინაციის თუ ინფექციის გზით. ვაქცინაცია, უდავოდ, არის ყველაზე უსაფრთხო გზა”, – თქვა იენს შპანმა და ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო მაღალი იქნება აცრილთა რიცხვი და უფრო დაბალი – ინფიცირების მაჩვენებელი, მით უკეთესად იქნებიან დაცულნი ბავშვები, რომელთა აცრა კორონავირუსისგან ჯერ კიდევ არ შეიძლება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა მათ, ვინც ჯერ არ არის აცრილი, არ დაეყრდნონ მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას.

“ვინც არ არის აცრილი, უფრო მეტად ავადდება”, – თქვა მან და გაიხსენა, რომ გასულ წლის შემოდგომის დასაწყისში ასევე შემცირდა მაჩვენებლები.

”შემოდგომაზე და ზამთარში, როდესაც ჩვენ კვლავ უფრო მეტ დროს გავატარებთ სახლში და იმუნური სისტემა იქნება სუსტი, ინფექციის რისკი გაიზრდება,” – დასძინა მან.

ამასთანავე, იენს შპანი ამბობს, რომ ჯერ ადრეა ყველა შეზღუდვის მოხსნა.

თუ ჩვენ არ გვექნება რაიმე დამცავი ზომები, ინტენსიური თერაპიის პალატები კვლავ გადატვირთული იქნება არავაქცინირებული ადამიანების გამო,” – თქვა მან.

ამჟამად, გერმანიის მოსახლეობის 67%-ზე მეტ მოქალაქეს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა გაკეთებული, მოსახლეობის 63% კი მთლიანად აცრილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები