დავით ზალკალიანი: პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს პრემიერმინისტრის როლი ყარაბაღის მოვლენებში და ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის პრეზიდენტისგან

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრის როლი, როგორც ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში გამოიკვეთა და იმ მედიაციის პროცესმა, რომელიც წარმართული იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან, ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეუძლია, ქვეყანას შეასრულოს.

„ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი წინადადებები, რომელიც საქართველოს მხრიდან მოდის, კერძოდ, თბილისი გახდეს ერთგვარი პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისათვის, ახალი ინიციატივებისა და პროექტებისთვის და ამ პროცესში ჩვენ მივიღეთ ჩვენი თურქი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი. გარდა ამისა, საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ დინამიკაზე. ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გაიმართა საქართველოს პრემიერმინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში და ჩვენ უმაღლეს დონეზე მიგვიღეს. ვიზიტისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. გადაწყდა, რომ წლის ბოლომდე გაიმართება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და სადაც ვისაუბრებთ სექტორული თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პერსპექტივაზე და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები