ბრიტანეთმა სკრიპალების მოწამვლის საქმეზე ეჭვმიტანილად კიდევ ერთი პირი დაასახელა
ბრიტანეთის პოლიციამ რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლისა და მის ქალიშვილის – სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილად მესამე პირიც დაასახელა – დენის სერგეევი, რომელიც სერგეი ფედოტოვის სახელს იყენებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვლაში ადანაშაულებს რუსლან ბაშიროვს (ანატოლი ჩეპიგას) და ალექსანდრ პეტროვს (ალექსანდრ მიშკინი).
ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, სამივე მუშაობდა რუსულ დაზვერვაში და ისინი გაერთიანებულ სამეფოში ერთი დავალების შესასრულებლად იმყოფებოდნენ. გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავების თქმით, ისინი სხვა ქვეყნებში ასრულებდნენ დავალებებს.
სერგეი და იულია სკრიპალები, 2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით – „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
ლონდონი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს, რასაც რუსეთში კატეგორიულად უარყოფენ.
სკრიპალების მოწამვლის გამო, ბრიტანეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.
ანალოგიურად მოიქცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის, საქართველოც, რომელმაც შვეიცარიის საელჩოს რუსული სექციიდან დიპლომატი გააძევა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლონდონში მოწამლული, ასევე, გრუ-ს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
ლიტვინენკო, ბრიტანეთში გადასახლებამდე, სადაც მას თავშესაფარი შესთავაზეს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებში მუშაობდა. 2006 წელს ის რადიოაქტიური ნივთიერებით – “პოლონიუმ-210”-ით ლონდონში მოწამლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მკვლელობა ჩაიდინეს ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა, რომლებიც მოქმედებდნენ მითითებით.