შაქარიშვილი: მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, მედიაში ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, ამას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

„მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება, რასაც საზოგადოება წლებია, ხედავს ქართულ მედიასივრცეში, აღვირახსნილი პროპაგანდა, ყალბი ცნობები (FAKE NEWS) გავრცელება, ცილისწამება, ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება, ფსიქოლოგიური თუ მორალური წნეხი, მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობა, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და ჯანსაღი კრიტიკის ღირებულებებთან.

„TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ – სამი ტელევიზია მიზანმიმართულად, ყველანაირი ბინძური მეთოდით, მედიასტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევით ებრძვის ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ალტერნატიული აზრი.

სამივე ტელევიზიის მენეჯმენტი და დამფინანსებლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები. ისინი მოპარული და კორუფციული შავი ფულით აფინანსებენ ამ ტელევიზიებს. ცოტა ხნის წინ ე.წ. მედიარევოლუციონერებიც ვიხილეთ, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს ხელისუფლების დამხობისკენ, ითხოვდნენ სასულიერო პირების გაპარსვას და დაპატიმრებას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს კანონისა და რეგულაციების გამკაცრების გზით.

არსებობს ევროპული გამოცდილება. კონკრეტულად, საფრანგეთმა უზრუნველყო საკუთარი მოსახლეობის დაცვა ყალბი ამბებისგან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროპული პრაქტიკა და კანონით უნდა განისაზღვროს სანქციები მედიის მხრიდან ადამიანის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებასა და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმები, ხოლო განმეორების შემთხვევაში – მაუწყებლობის შეზღუდვაც კი. სხვაგვარად შეუძლებელია არსებული მედიასტანდარტის გაუმჯობესება,“ – აცხადებს შაქარიშვილი.

მისივე თქმით, ბრიფინგის დროს მას კონკრეტული ადამიანი გამოუგზავნეს, რომელიც შეურაცხმყოფელი რეპლიკებით ცდილობდა პროვოკაციას და ხელს უშლიდა ბრიფინგის გამართვას. როგორც თავად შაქარიშვილმა აღნიშნა, ბრიფინგის ადგილას იმყოფებოდნენ უეთო/ოდირ-ის დამკვირვებლებიც, რომელთაც მან პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები