„ნახატის სიჩუმე” – თემო ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა

23 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი იქნება თემო ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა მუზეუმის საფონდო კოლექციიდან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მხატვრის ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები საცავიდან პირველად მოხვდება საგამოფენო დარბაზში და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს თემო ჯაფარიძის შემოქმედების განსხვავებულ ასპექტებს.
ექსპოზიცია მიზნად ისახავს მხატვრის მრავალშრიანი შემოქმედების პოპულარიზაციას. აქამდე უცნობი ფერწერული ნამუშევრების მიღმა, დამთვალიერებელი გაეცნობა ხელოვანის ესეისტურ, პროზაულ და პოეტურ შემოქმდებით შრეებს, რაც თემო ჯაფარიძის სახვით ენასთან მჭიდრო კავშირშია.
გამოფენის სათაური ეფუძნება მხატვრის მონოგრაფიულ ნაშრომს – „ნახატის სიჩუმე,“ რომელშიც თავს იყრის მისი მოსაზრებები და ძიებები ზოგადად ხელოვნების რაობაზე, მის ჭეშმარიტ მიზნობრიობაზე. წიგნში ავტორი თავის მოსაზრებებს არგუმენტირებული თეზისებით ამყარებს. სწორედ თემო ჯაფარიძის ფრაზის და მიგნების – „ნახატის სიჩუმე“ პოეტური ჟღერადობა განაპირობებს საგამოფენო ქსოვილის ემოციას, მის დრამატურგიას.

თემო ჯაფარიძე (1937-2012)
მიეკუთვნება 1960-70-იანელთა თაობას და მისი შემოქმედება საბჭოთა პერიოდში შეფასებული იყო, როგორც ნონკონფორმისტული ხელოვნება. მხატვრის პირველი გამოფენა თსუ-ს სააქტო დარბაზში 1964 წელს შედგა და ოფიციოზმა ის „ფორმალიზმთან და ბურჟუაზიულ ხელოვნებასთან“ გააიგივა, რაც საბჭოთა ხელოვნების ვიზუალურ-იდეოლოგიური პროგრამის უკუგდებას გულისხმობდა. თემო ჯაფარიძის შემოქმედებაში ფერწერა, პოეზია, პროზა და ესეისტიკა ერთ მთლიანობაშია მოქცეული. ხელოვანი პერიოდულად ირჩევდა, თუ რომელ სფეროში გადმოეცა მისი ძიებები, დაკვირვებები თუ გამოცდილებები.
1960-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე მხატვრის საგნობრივი და უსაგნო ფერწერული ნამუშევრები განსხვავებულ სტილსა თუ ჟანრში მერყეობს. ხელოვანი ერთ-ერთი პირველია, რომელიც პასუხობს საბჭოთა რეალობაში დასავლურ სახელოვნებო სივრცეს და ასევე არ კარგავს ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ იდენტობას, პირიქით, მის მხატვრობაში ჰარმონიულად თანაარსებობს ორი კულტურული მოდელი.
მნიშნელოვანი და ხაზგასასმელია თემო ჯაფარიძის მიერ ნახატი-ობიექტის, ასამბლაჟის, სივრცობრივი ობიექტების თუ კონცეპტუალური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების დანერგვა ქართულ სახვით ხელოვნებაში. მის ნახატებში ნაივურობა, ფსიქოლოგიზმი, ლირიკული რეალიზმი, ეგზისტენციალიზმი, ექსპრესიონიზმი და, ამავდროულად, კონსერვატორული ხედვა მუდმივად მეორდება.
გამოფენაზე „ნახატის სიჩუმე“ თავს იყრის ხელოვანის შემოქმედების რამდენიმე პლასტი ვიტრინებში წარმოდგენილი ბიბლიოგრაფიის, ესკიზების და ფოტოების სახით. გამოფენის ერთგვარი შესავალია თემო ჯაფარიძის ინტერვიუს ვიდეოპროექცია.
ტილოები დარბაზში განივრცობა ხელოვანის ციტატებით და ლექსებით, რაც არტისტის მიერ ფერწერისადმი პოეტურ-კრიტიკულ მიდგომებს უსვამს ხაზს. ეს მთლიანობა დამთვალირებელს უცნობ ნამუშევრებსა და, ზოგადად, ხელოვანზე მეტ წარმოდგენას უქმნის.
გამოფენის მიზანია, ქართული საბჭოთა ხელოვანების ვიზუალური თარგმნა ჩვენს თანამედროვეობაში. ასევე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფონდის კვლევა და მისი ნაწილის გაზიარება დამთვალიერებლისთვის. ამ დროებითი გამოფენით შეიკვრება თემო ჯაფარიძის ხელოვნების მრავალფეროვანი სამუზეუმო კოლექცია, რასაც ემატება მხატვრის მუდმივმოქმედი ექსპოზიციაც, ანუ დამთვალირებელი იხილავს ცნობილ და უცნობ ნამუშევრებს ერთ სივრცეში, სხვადასხვა სართულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები