ევროკავშირი: რუსეთის არჩევნები დაშინების ფონზე ჩატარდა, ყირიმის შედეგებს კი არასდროს ვაღიარებთ
“რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მრავალმხრივი დარღვევით ჩატარდა და ევროკავშირი მათ შედეგებს ანექსირებულ ყირიმში არასდროს აღიარებს”, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.
“ევროკავშირს სწამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა, სადაც უნდა ტარდებოდეს ისინი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავდით, რომ დუმისა და რეგიონული არჩევნები კრიტიკოსებისა და დამოუკიდებელი ხმების დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე,“ – თქვა სტანომ.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ნანობს რუსეთის გადაწყვეტილებას შეზღუდოს ეუთო-ს საერთაშორისო მისია არჩევნებზე დაკვირვების ფორმატში.
“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან, რომლებმაც შეგვატყობინეს, რომ კენჭისყრის დროს არაერთი სერიოზული დარღვევა მოხდა. არჩევნებამდე იყო დიდი ზეწოლა ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აქტივისტებზე, უფლებადამცველებზე. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაეჩუმებინათ ნებისმიერი კრიტიკული ხმა”,- დასძინა სტანომ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის არჩევნების შედეგებს ანექსირებულ ყირიმში.
“რადგან ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ დონბასში მაცხოვრებლებს რუსული პასპორტები გადაეცათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს”, – თქვა მან.