ლაშა დარსალია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა

2021 წლის 14-15 სექტემბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ შეხვედრები გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან – საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაბინეტის უფროს პედრო სერანოსა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, პოლიტიკურ დირექტორ ენრიკე მორასთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემას წარმოადგენდა ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ლაშა დარსალიამ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მედიატორისა და გარანტორის, მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოსკოვთან მაღალ დონეზე ფასილიტაციის მნიშვნელობა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ პოლიტიკაზე ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. აღნიშნა, რომ რუსეთი ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ თემებს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.

შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ საზოგადოებებთან შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით. ლაშა დარსალიამ ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მიმდინარე ინტენსიურ მუშაობაზე. მან აქცენტი გააკეთა სამშვიდობო პროცესების ინკლუზიურად წარმართვის მნიშვნელობაზე, რაც სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან – ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებული პირებთან ფართო დიალოგსა და ჩართულობას გულისხმობს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, პირველ რიგში კი ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება და იძულებით გადაადგიელბულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის ქმედებები უკრაინაში, საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში წარმოადგენს ერთი პოლიტიკის ნაწილს, მიმართულს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის და ხაზი გაესვა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას. ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის.
აღინიშნა, რომ ადგილზე მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები