გიორგი ვაშაძე: ხელისუფლება აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას
ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.
“ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას, რისი ნათელი დასტურია “მთავარი არხის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა, რაზეც საჭიროა უსწრაფესი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.
რაც მთავარია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ “მთავარი არხის” ოპერატორს. სრული თანადგომა ლევანს და ასევე ყველა ჟურნალისტს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი “კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა”.