„როსატომი“ – კრემლის ატომური მონსტრი

რუსეთის ფედერაცია, როგორც მსოფლიოს წამყვანი აგრესორი და სახელმწიფო დონეზე დეზინფორმაციული ომის მწარმოებელი ქვეყანა, თავის საცეცებს არა მხოლოდ სამხედრო ექსპანსიის მეშვეობით, არამედ ეკონომიკური ბერკეტებითაც ავრცელებს. ყველა ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც კრემლის წიაღშია შექმნილი, ემსახურება მხოლოდ ერთს – ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების გამყარებასა და შენარჩუნებას. კრემლი სწორედ ასეთი კომპანიების თუ ორგანიზაციების მეშვეობით „ტროას ცხენს“ აგზავნის ყველგან, სადაც მოახერხებს და იმდენად მავნებლური ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ბევრი სახელმწიფო ვერც კი ახერხებს.

მაგალითისთვის შეიძლება, მოვიყვანოთ რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია  – „როსატომი“, რომელიც 400 საწარმოს აერთიანებს. „როსატომი“ მრავალპროფილული სტრუქტურაა, რუსეთის ელექტროსადგურების მმართველი ორგანოა და, ამასთანავე, მსოფლიოში ატომური ენერგიის წარმოებაში მეოთხე ადგილი უკავია. „როსატომის“ გაცხადებულ მიზნებს შორისაა როგორც ბირთვული ენერგეტიკისა  და საწვავის ციკლის განვითარება, ასევე, ეროვნული, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა,  ფუნდამენტური მეცნიერების განვითარება.

„როსატომი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც აშენებს ატომურ სადგურებს და  სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვებაზე მუშაობს.  „როსატომს“ უკავშირდება 2019 წელს არქანგელსკის ოლქში, დაბა ნენოქსში მომხდარი აფეთქება, როდესაც სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, ბირთვული ცდების დროს მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი მოგვიანებით დასხივების შედეგად გარდაიცვალა.ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი იცოდა ჰაერის საშიში დაბინძურების შესახებ, რაც „საამაყო“ საბჭოთა წარსულის საუკეთესო ტრადიციებს გვაგონებს. მართალია, გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ „როსატომი“ და რუსეთის თავდაცვის ძალები რაკეტა Буревестник-ის ცდებს ატარებდნენ, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული დარჩა.

ახლახან, ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვდა „როსატომის“ მმართველ ალექსეი ლიხაჩოვს და ახალი ბირთვული ტექნოლოგიების პროგრამის ფინანსირების გაფართოებას დაჰპირდა – 553 მილიარდი რუბლით. მართალია, მათ „როსატომის“ წარმატებებსა და წლიურ მოგებაზე ღიად  ისაუბრეს, თუმცა, შემდეგ პუტინმა საუბარი с глазу на глаз გადაწყვიტა. შესაძლოა, კიდევ ერთხელ განიხილა ბოლივიაში პრეზიდენტ მორალესის არჩევნებში დახმარების დეტალები, რადგან სწორედ „როსატომმა“ გაგზავნა იქ პოლიტიკური მრჩევლების დიდი დესანტი. ის ხომ ყველამ იცის, როგორ ცდილობდა რუსეთი ევო მორალესის მეოთხე ვადით პრეზიდენტის პოსტზე მოყვანას, რითაც  უბრალოდ ლათინურ ამერიკაში თავისი გავლენების გაზრდა სურდა. ამ შემთხვევაში, კრემლისთვის ბოლივია არა ატომური ელექტრო სადგურის ასაშენებელი პლატფორმა, არამედ  ამ კონტინენტის „გასაღები“ იყო. საინტერესოა, ვლადიმერ პუტინმა ამ შეხვედრაზე თუ განიხილა რამდენიმე თვის წინ მომხდარი სკანდალი, რომელიც ასევე „როსატომს“ უკავშირდება. როგორც ცნობილია, ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთი  იმ სახელმწიფო ტენდერიდან გამოთიშა, რომელიც ატომურ ელექტროსადგურ „დუკოვანას“ ახალი ენერგობლოკის ასაშენებლად იყო გამოცხადებული. ტენდერის მიხედვით, მშენებელი კომპანია 6 მილიარდ დოლარს მიიღებდა. თუმცა, ჩეხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ „როსატომი“ თავის ატომურ ელექტრო სადგურთან ახლოსაც არ მიუშვას, რადგან რუსეთი ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდეს საშფრთხეს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია და მისი სპეცსამსახურები მიიჩნიეს ჩეხებმა 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცაში სამხედრო არსენალის საწყობის აფეთქების ორგანიზატორად. როგორც ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ამის შესახებ მას ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებები  ჩეხეთის სპეცსამსახურმა მიაწოდა. ამის გამო, პრაღიდან 18 რუსი დიპლომატიც კი გააძევეს. და სწორედ ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ, მრეწველობის მინისტრმა, კარელ გავლიჩეკმა განაცხადა, რომ „როსატომი“ ვერ მიიღებს მონაწილეობას ისეთი ობიექტის მშენებლობაში, რომელზეც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაა დამოკიდებული. ჩეხეთმა ამ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებით საკუთარი სიძლიერე და პრინციპულობა დააფიქსირა.

„როსატომი“ უძლიერესი კომპანიაა, რომელიც თითქოსდა მხოლოდ თავისი ქვეყნის ატომური ენერგიის გამომუშავებისა და განვითარებისთვის უნდა იღწვოდეს. თუმცა, ეს შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო – რუსეთი  სახელმწიფოა, რომელშიც მსხვილი კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების უმრავლესობა წარმოადგენს სპეცსამსახურის ფილიალებს, პუტინის დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებლებსა და კრემლის მავნებლური საცეცების გამავრცელებლებს.

ნანა ჭყონია

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები