მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა
94 წლის ასაკში მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობი და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე ავრცელებს.
„წავიდა ლეილა თავის შვილებთან.
ქართული თეატრის გამორჩეული არტისტი და ბრწყინვალე მკითხველი, ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა.
არ დარჩენილა ქართულ კინოში ქალი, რომელიც ლეილას არ გაეხმოვანებინოს. მიხარია, რომ შევძელი და გავაკეთე მისი ხუთი საღამო და მაყურებელს გავაგებინეთ, როგორი განუმეორებელი მკითხველი იყო“, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.
ლეილა ძიგრაშვილმა 1947 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1966 წლიდან – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი.
ლეილა ძიგრაშვილმა შეასრულა შემდეგი როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის „პრინცესა ტურანდოტი“), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე“), სამძივარა (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), დედამთილი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ენონა (ჟ. რასინის „ფედრა“).