„ბინათმშენებლობის ამხანაგობის დამფუძნებელმა ბინები იპოთეკით დატვირთა, თანხა არ გადაიხადა, ბანკი კი თანხას ჩვენგან ითხოვს“

“ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მარსის“ დამფუძნებელმა, მიხეილ ძაძამიამ მაცხოვრებლების ბინები იპოთეკით დატვირთა, თანხა არ გადაიხადა, ბანკი კი თანხას ჩვენგან ითხოვს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ბინათმშენებლობის ამხანაგობის მიერ დაზარალებულმა, ზაზა პატარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, აუქციონის პროცესია დაწყებული. როგორც პატარიძე აცხადებს, პროკურატურამ აღნიშული საქმე უნდა გამოიძიოს.

„ფართი 2006 წელს შევიძინე. 85 000 დოლარი გადავიხადე. ბინა 2008 წლის აპრილში უნდა ჩაბარებულიყო. ამ ვადაში ბინა არ ჩაგვბარდა, პასუხისმგებელი პირები საერთოდ აღარ ჩანდნენ. 2010 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2003 წელს დავტოვე. მივედი მშენებლობის ობიექტზე, პასუხისმგებელი პირები მოვიკითხე, არავინ გამოჩენილა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროცესი განახლდა, ავიღე რემონტის ნებართვა. 2015 წელს მთელი ოჯახი ჩამოვედით და გარემონტებულ ბინაში შევედით. ბედნიერები ვიყავით, რომ, როგორც იქნა, ბინა გვეღირსა. ერთ კვირაში ბანკის წარმომადგენელი მიკავშირდება და მეუბნება, რომ ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და მის მოსახსენლად 28 000 დოლარი მქონდა დასამატებელი. ბანკმა გვითხრა, რომ კრედიტორმა ძაძამიამ ბანკიდან კრედიტი გაიტანა, რომელიც არ დააბრუნა, თქვენი ბინები ჩადო იპოთეკაში, თავად საქართველოში არ იმყოფება, ვერ ვპოულობთ, მისგან თანხას ვერ ვიბრუნებთ და იძულებულები ვართ, თქვენგან ამოვიღოთ ეს იპოთეკაო. ვთხოვე, მოეცათ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ეს თანხა მეკისრებოდა და თანახმა ვიყავი, გადამეხადა. მითხრეს, ვერანაირ დოკუმენტს ვერ მოგეცემთ, მოგცემთ ქვითარს, რომ თანხა შემოტანილია, წახვალთ საჯარო რეესტრში, იქედან იპოთეკა მოიხსნება და ყველაფერი დამთავრდებაო. 28 000 დოლარს ვიხდიდი ისე, რომ არანაირი დოკუმენტს იმისას, თუ რაში, რატომ ვიხდიდი, არავინ მაძლევდა. ამას არ დავთანხმდი. ვთქვი, რომ სამართლებრივ დავას გავაგრძელებდით. 2017 წელს თანხა 34 000 გახდა. 2019 წელს კვლავ შევხვიდთ ბანკს და იპოთეკის ვალდებულება 75 000 გახდა. 2021 წელს ეს თანხა 96 000-ად იქცა.
როდესაც 28 და 34 ათასი იყო იპოთეკის თანხა, მაშინ ბანკს ვალის დასაფარად მოთხოვნა 2 300 000 ჰქონდა. ანუ ამ თანხაში ჩემი წილი 34 000 დოლარი იყო. 2019 წელს, როდესაც ბანკის ვალი 700 000 დადგინდა, აქ ჩემი წილი რატომღაც 75 000 აღმოჩნდა, დღეს კი, კიდევ უფრო შემცირებულ მოთხოვნაში – 96 000. ბანკმა თავად აღიარა, ვიღაცებს „დისქაუნთი“ გავუკეთეთ, ფასი დავუკალეთო. სხვას რაც დაუკლეს, ეს თანხა ჩვენზე გადმოიტანეს. ეს რაში წერია? ბანკი სხვას თანხას უკლებს და ეს დანაკლისი ჩემსა და სხვა მობინადრებზე გადმოდის. ეს ამორალური საქციელია. ამას ვერავინ შეეგუება.
დღეს საქმე ასე დგას: აუქციონის პროცესი მიმდინარეობს. ერთადერთი გამოსავალია ის, რომ პროკურატურამ გამოძიების პროცესი დაიწყოს.
ვარ აშშ-ის მოქალაქე. შემიძლია, მივმართო ამერიკის ხელისუფლებას, კონგრესმენებს, სენატორებს და ვუთხრა, როგორ ირღვევა აშშ-ის მოქალაქის უფლება საქართველოში“, – განაცხადა ზაზა პატარიძემ.
ადვოკატ რევაზ რიჟამაძის თქმით, ბანკისთვის თანხა ძაძამიას უნდა გადაეხადა.
„ბანკმა 2010 წელს კრედიტი გასცა ამხანაგობა „მარსის“ დამფუძნებელზე, მიხეილ ძაძამიაზე, რომელიც საბანკო-საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობაში მრავალჯერ იყო მხილებული. ამ ფონზე, ბანკმა მასზე კვლავ გასცა მრავალმილიონიანი კრედიტი. თუმცა, ამ კრედიტის გასტუმრობა მთლიანად გადაეკისრათ ამხანაგობის ჩვეულებრივ წევრებს, რომელიც ბინათმენაშენეები არიან. ჩადებული აქვთ ფული, გადახდილი აქვთ ყველა ვალდებულება, რაც ბინათმშენებლობას სჭირდებოდა. კრედიტის ვალდებულება ძაძამიას ვალდებულება იყო, ეს ვალდებულება მთლიანად ბინათმენაშეენებს გადააკისრა. ის ახლა გოლფის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტია.
თავად ამ ბინათმენაშენეებს შორის სეგრეგაცია მოხდა, ბანკმა უკანონოდ, გარკვეულ პირთა წრეს შეღავათი გაუკეთა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები