გიორგი ცუცქირიძე სააკაშვილზე: დარწმუნებული ვარ, მას სულ მინიმუმ ქვეყანაში შემოსვლის მცდელობა ნამდვილად ექნება და უკიდურეს შემთხვევაში დაკავებაზეც შეიძლება წავიდეს, რევოლუციური მუხტის ასაწევად

დარწმუნებული ვარ, მას სულ მინიმუმ ქვეყანაში შემოსვლის მცდელობა ნამდვილად ექნება და უკიდურეს შემთხვევაში დაკავებაზეც შეიძლება წავიდეს, რევოლუციური მუხტის ასაწევად, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილზე წერს.

მისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა დაუჯეროს მოსახლეობამ იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყანას და რუსეთის ინტერესებსაც ღიად თუ ფარულად ატარებდნენ.

“მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება, რომ სიტუაციის ესკალაციას ემსახურება ისედაც ცხადია. ადგილობრივი არჩევნების რეფერენდუმად მონათვლაც ამ სცენარის ნაწილია. რეალურად ვადამდელი შეიძლება დაინიშნოს ერთადერთ შემთხვევაში თუ გაერთიანებული ოპოზიცია, პირობითად “ნაციონალური მოძრაობა” საფანჩატურეთად წოდებულ პილიტჯგუფებთან ერთად, მოიგებს დიდი ქალაქების უმრავლესობას და პირველ რიგში თბილისს, რაც პარტიული პროცენტული შეჯამებითაც, “ოცნებას” ლამის “საკრალური 43” პროცენტის დაბლა დაწევს.

ბუნებრივია, სწორედ ასეთი დაბალი ლეგიტიმაცია შეიძლება გახდეს, პოლიტიკური კრიზისის საფუძველიც, რაც სიტუაციას ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს. მაგრამ, არსებული მოცემულობით, და იმ აქტივობით რასაც ოპოზიცია ეწევა, ეს ამოცანა არა თუ ძნელად მისაღწევი, არამედ თეორიულადაც კი შეუძლებელია.

წარმოუდგენელია, “კოვიდპანდემიური” ეკონომიკის პირობებში, ხელისუფლების ალტერნატიული მოკლე და საშუალოვადიანი პროგრამების შეთავაზების გარეშე, მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვის ეგზისტენციალური საფრთხის მოტივით, და ისიც პარტიული ტელევიზიებიდან დადგმული მოდელირებული ქრონიკებიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაზე წავიდეს.

ან რატომ უნდა დაუჯეროს მოსახლეობამ, ამ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყანას თავად, გამსახურდიას ეროვნული მთავრობის დამხობიდან დღემდე და რუსეთის ინტერესებსაც ღიად თუ ფარულად ატარებდნენ?!

აქედან გამომდინარე, ერთადერთ სცენარად, როგორც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ისევ რევოლუციური სიტუაციის გათამაშება რჩებათ და სააკაშვილის გააქტიურებაც ამის ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი აქ ჩამოსვლის არ ჯერა, ხოლო ოპოზიციის ნაწილს არ უნდა, სააკაშვილი ამჯერად ამ ავანტიურაზე შეიძლება წავიდეს კიდეც. დარწმუნებული ვარ, მას სულ მინიმუმ ქვეყანაში შემოსვლის მცდელობა ნამდვილად ექნება, და უკიდურეს შემთხვევაში დაკავებაზეც შეიძლება წავიდეს, რევოლუციური მუხტის ასაწევად.

დღეს შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ პასეანსში, დასავლეთის ინტერესში არც რევოლუციური სცენარი, არეულობით და ქაოსით და არც სააკაშვილის პოლიტპატიმრად გადაქცევა არ უნდა შედიოდეს. თუმცა, ეს ინტერესი გარდა რუსეთისა, იგივე დასავლეთის ცალკეულ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ, და ბუნებრივია, სააკაშვილი ამ გარანტიებით ჩამოსვლას შეეცდება. მთელი ოპოზიციის მხარდამჭერი მედიაც, შეკვეთილი კვლევებით თუ წინასწარ შემზადებით “არჩევნების გაყალბებაზე” ამ ამოცანის გადაწყვეტას ემსახურება.

მიმაჩნია, რომ ჩვენ თავისებურ კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით. ბოლო ორი წელია, 20 ივნისიდან მოყოლებული ერთმანეთის გადაბმულადაც კი ვიხილეთ, ქუჩის აქცია-პერფომანსები, ანტიჰესური მოძრაობა, ლგბტ პრაიდის აშკარა პროვოკაცია, ობსტრუქციაში გადასული საპარლამენტო ბოიკოტი, თუ ოპოზიციის ნაწილის დესტრუქციის ფონზე, ანტივაქსერების მეტად საეჭვოდ გააქტიურება იმუნიზაციის პროცესის ხელშესაშლელად, რაც ხელისუფლების ინტერესში საერთოდ არ შედიოდა.

კვანძი გასახსნელია, და მისი გახსნაც შორს აღარ არის, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, 2 ოქტომბერი გამოსვლების და ქუჩის აქციების თარიღად აქციოს.

იმედია, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” და მთლიანად ქართული საზოგადოება კარგად აცნობიერებს ამ საფრთხეებს და არ დაუშვებს ქართული სახელმწიფოს ქაოსში გადაჩეხვას”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები