პროკურატურამ ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა ყვარელში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრზე თავდასხმისთვის დაკავებული შალვა მელიქიშვილისთვის ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, ბრალდებულმა ყვარელში მდებარე “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა.

“ბრალდებულმა შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადეობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა.
თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შ.მ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მელიქიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები