მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის, ასევე, საპარლამენტო დონეზე კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამ კუთხით, აღინიშნა ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და მზაობა საპარლამენტო ვიზიტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრისას განსაკურებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და „ასოცირებული ტრიოს” ფარგლებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს. ამ კონტექსტში, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობა და ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს. თავის მხრივ, ანდრიუს კალინდრამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიეტუვის უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.