ინდოეთში, კარნატაკას შტატის ხელისუფლებამ რიგ რაიონში მაღალი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მეზობელ კერალას შტატში ვირუს “ნიპაჰის” შემთხვევები დაფიქსირდა.
ამის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის უწყება აცხადებს.
კარნატაკას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ კერალადან ჩამოსულები უნდა იყვნენ შემოწმებული ისეთ სიმპტომებზე, როგორებიცაა ცხელება, ფსიქიკური ცვლილებები, ძლიერი სისუსტე, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები და დიარეა.
ამავე დროს, კარნატაკას ჯანდაცვის მინისტრმა, კ. სუდაკარმა აღნიშნა, რომ შტატში ამ საშიში დაავადების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასიკვდილოდ საშიში ვირუს “ნიპაჰის” სიმპტომები გამოვლინდა კერალას შტატში 11 ადამიანში, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა ეს ადამიანი იყო კონტაქტში 12 წლის ბიჭთან, რომელიც ვირუსით გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო ექიმებმა დაიწყეს 251 ადამიანის შემოწმება, რომლებიც მასთან კონტაქტში იყვნენ.
ვირუს “ნიპაჰის” (NiV – Nipah virus infection) გადამტანები ველურ ბუნებაში მფრინავი მელიები არიან. ის უმძიმეს დაავადებას იწვევს ადამიანში, რომლისთვისაც ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან რესპირატორული დაავადებებია დამახასიათებელი. ადამიანებს ის იმ ხილის მეშვეობით გადაეცემა, რომელზეც ავადმყოფი ცხოველის ნერწყვი რჩება. ვირუსი განსაკუთრებულად გადამდებია, მისი ვაქცინა და წამლები არ არსებობს, ლეტალობის დონე კი 40-75%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია “ნიპაჰს” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად აფასებს.