AstraZeneca-ს ვაქცინას კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი დაემატა
ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) AstraZeneca-ს ვაქცინის ანოტაციაში კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი დაამატა – გიენ-ბარეს სინდრომი, თუმცა, აღინიშნა, რომ ის “ძალიან იშვიათად” ვლინდება.
EMA-ს მონაცემით, 31 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში ნევროლოგიური სინდრომის 833 შემთხვევა გამოვლინდა, 25 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 592 მილიონზე მეტი დოზა იქნა შეყვანილი.
ევროპულ ორგანოში განაცხადეს, რომ „EMA-ს ფარმაზედამხედველობის რისკის შეფასების კომიტეტმა დაასკვნა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი “ასტრაზენეკას” ვაქცინასა და გიენ-ბარის სინდრომს შორის განიხილება, როგორც, სულ მცირე, გონივრულ შესაძლებლობად. შესაბამისად, საჭიროა, სინდრომი პრეპარატის შესახებ ინფორმაციაში იყოს დამატებული, როგორც გვერდითი ეფექტი”.
მარეგულირებლის ეს გაფრთხილება ასევე ახსენებს პაციენტებს, მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ მათ განუვითარდებათ კიდურების სისუსტე და დამბლა, რაც შეიძლება, პროგრესირებდეს მკერდსა და სახემდე.
ივლისში ევროპულმა და შეერთებული შტატების მარეგულირებლებმა გიენ-ბარეს სინდრომი, როგორც “ძალიან იშვიათი” გვერდითი ეფექტი, დაამატეს Johnson & Johnson-ის ვაქცინას. ამასთანავე, ორივე მარეგულირებელი განმარტავს, რომ ვაქცინის უპირატესობა პოტენციურ რისკებს ბევრად აღემატება.
გიენ-ბარეს სინდრომი მწვავე ანთებითი პოლინეიროპათიაა, რომელიც ჯგუფდება სიმპტომების მიხედვით და იყოფა აქსონურ და მადემიელინიზებელ ფორმებად. პაციენტების ორ მესამედს ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე კვირით ადრე ანამნეზში აღენიშნება გასტროენტერიტის ან გრიპის მსგავსი დაავადება, რაც დაკავშირებულია ზიკას ვირუსის ეპიდაფეთქებებთან. შემთხვევათა, დაახლოებით, 30%-ში ვითარდება რესპირატორული კუნთების სისუსტე, რის დროსაც საჭირო ხდება ხელოვნური ვენტილაცია. ნეიროფიზიოლოგიური ნიშნები დიაგნოზის დამადასტურებელია და პათოლოგიურია პაციენტთა 85%-ში, დაავადების ადრეულ სტადიაზეც კი. ლუმბალური პუნქცია სასარგებლოა, ვინაიდან ის ადგენს ცილის დონის მომატებას უჯრედების ნორმალური რაოდენობის ფონზე (ალბუმინციტოლოგიური დისოციაცია). მკურნალობა მოიცავს დამხმარე და დაავადების შემამსუბუქებელ თერაპიებს (პლაზმის შეცვლა ან იმუნოგლობულინები მაღალი დოზით).