ავღანეთში საპროტესტო აქციები ოფიციალურად აიკრძალა
“თალიბანის” მთავრობამ ქვეყანაში ქუჩის აქციები აკრძალა.
ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
დამრღვევები და საპროტესტო აქციის ორგანიზატორები დაისჯებიან.
ამიერიდან საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა იუსტიციის სამინისტროს წინასწარ, არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მიზეზი, ადგილი და დრო, ასევე ლოზუნგები, რომლებსაც აქციის მონაწილეები გამოიყენებენ.
აკრძალვის მიზეზად დასახელდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რომელიც იმ აქციებმა გამოიწვია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში “თალიბანის” წინააღმდეგ იმართება.
მაგალითად, გუშინაც ქაბულში ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც მთავრობაში ადგილებს ითხოვდნენ და მოხდა მათი დაშლა ჰაერში გასროლებით.
აქციები იმართებოდა მანამდე, ზოგიერთი მათგანი მსხვერპლითაც დასრულდა.