შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა ჰქონდეს სათანადო დასაბუთება
„იმსახურებს კონსტიტუცია, იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჰქონდეს სათანადო დასაბუთება. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ პარლამენტში შევძლებთ და მოსახლეობას ვაჩვენებთ, რომ შეთანხმება გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შესაძლებელია”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება, საკითხი დაუბრუნდა თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ერთი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს სამი მეოთხედით, უნდა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის და უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტები მისი განხორციელებისთვის.
„შეთანხმება და მასში გარკვეული პუნქტების გაწერა არ იყო იმდენად გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციას ეკადრება. საქართველოს კონსტიტუციას ეკადრება, რომ ყველა ცვლილება და განსაკუთრებით ცვლილება რომელიც ერთი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს სამი მეოთხედით, უნდა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის და დატვირთვის და უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტები ამ ცვლილებისთვის.
ამიტომ, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებამ მოგვცა ეს შესაძლებლობა და მისცა ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ნამდვილი დისკუსიის და განხილვის მონაწილეები, მათ შორის, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში და შესაძლებლობა მისცა პარტიებსაც, გულწრფელად გაეცვალათ ერთმანეთში არგუმენტები.
ჩვენ გვქონდა გუშინ საკომიტეტო მოსმენა, მანამდე შესაძლებლობა, რომ პარლამენტის ყველა ოპოზიციურ ჯგუფს შევხვედროდით და გვესაუბრა ამასთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ცვლილების რამდენიმე საკითხზე, სამი ძირითადი ცვლილებიდან ორ საკითხზე, პარტიებს შორის არის თანხმობა, რომ მიღებული იქნას იმ ფორმით, როგორც ეს ინიცირებული იყო პირველი მოსმენით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.