ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის – „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ – დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

12 სექტემბერს, 15 საათზე, მთაწმინდის პანთეონში, „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის – „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ – დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მერვე წელს, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ საჯაროდ ვერ განხორციელდება. ეს აქტივობა გაიმართება არა საჯარო რეჟიმში, ღია სივრცეში, პანდემიური რეგულაციების დაცვით
საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ 2014 წლიდან, ყოველწლიურად ახორციელებს პროექტს – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს იმართება და დიდი ქართველი მოღვაწის სახელის პოპულარიზაციისა და გადააზრებისათვის სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს.
გიორგი სავანელი, პროექტის ავტორი: – „მაშინ, როცა ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასს შეადგენს და ყოველდღიურად ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს ვემშვიდობებით, რის გამოც ქვეყანაში შეზღუდულია კულტურული, სპორტული, საფესტივალო და გასართობი ღონისძიებები, პროექტის ორგანიზატორები თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავაუქმოთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ამ დღის აღნიშვნა, რომლისთვისაც ივლისიდან  ვემზადებოდით და წინასწარ გვქონდა შემუშავებული წლევანდელი, უაღრესად საინტერესო ღონისძიებების განრიგი.
ეს ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა, წარმოუდგენლად დიდი ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რადგან ამ დღის გახსენება და ერთგვარად აღნიშვნა, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ, ორგანიზაციის დაარსების წლიდანვე ერთგვარ იდეურ ორიენტირად გვაქვს არჩეული და მრავალი სირთულისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 წლის მანძილზე, უწყვეტად ვახორციელებდით ამ დღის აქტივობებს და რუდუნებით ვემზადებოდით ყოველი 12 სექტემბრისათვის; მაგრამ ამჯერად მიგვაჩნია, რომ ჩვენი უდიდესი სურვილისა და ენთუზიაზმის მიუხედავად, უფლება არ გვაქვს, სხვაგვარად მოვიქცეთ და ანგარიში არ გავუწიოთ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“.
ამ ფონზე, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში მხოლოდ ერთი აქტივობა განხორციელდება – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის – საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ – დაჯილდოების ცერემონია. იგი „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლური ჯილდოა, რომელის 2017 წელს, ილიას 180 წლისთავზე დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა, სწორედ პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში.

ყოველწლიურად პრემიის ლაურეატს, წლის პრეტენდენტებს შორის კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ავლენს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“, პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭო.
პრემიის მიზანია:
საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის სტიმულირება;
საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმოამდგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება;
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება;
ილია ჭავჭავაძის ფიგურის აქცენტირება დღევანდელ/თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფონდის ყოველწლიური ჯილდო ამ დრომდე მინიჭებული აქვს:
კათოლიკოს -პატრიარქ ილია II-ს – 2017 წ.
მწერალ როსტომ ჩხეიძეს – 2018 წ.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ – 2019 წ.
ილიკო და ნინო სუხიშვილებს – 2020 წ.
ვინ გახდება „საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მეხუთე ლაურეატი?
წლევანდელი ლაურეატის ვინაობა, 12 სექტემბერს გახდება ცნობილი, დაჯილდოების ცერემონია კი, სიმბოლურად მთაწმინდის პანთეონში, 15 საათზე გაიმართება.
ეს აქტივობა გაიმართება არა საჯარო რეჟიმში, ღია სივრცეში, პანდემიური რეგულაციების დაცვით და დაესწრებიან მხოლოდ ორგანიზაციის წევრები, პრემიის სარეკომენდაციო საბჭოს წევრები და წლევანდელი ლაურეატი, რომლის ვინაობა 12 სექტემბერს გახდება ცნობილი.
საზოგადოებას კი, შეეძლება თვალი ადევნოს პრემიის გადაცემის ცერემონიას ორგანიზაციის სოციალური გვერდების ლაივ-რეჟიმში:
https://www.facebook.com/საზოგადოებრივი-და-შემოქმედებითი-გაერთიანება-ეროვნული-იმპერატივი-287757321376364 ;
https://www.facebook.com/ილია-ჭავჭავაძის-საქველმოქმედო-ფონდი-955231141205055

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები