თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე ფინეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში – კირსტი ნარინენს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების აქტიურ გამოყენებაზე ისაუბრეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ამ მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM).
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-უკრაინის პლატფორმის მეშვეობით საქართველო აქტიურად გადის კონსულტაციებს ჰიბრიდული ომის საკითხებზე.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. დღეს, ფინეთის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც უმასპინძლა.
გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.