ცეკვა “სირტაკის” მუსიკის ავტორი გარდაიცვალა

ბერძენი კომპოზიტორი მიკის თეოდორაკისი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომპოზიტორმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა 1960-იან წლებში ფილმის “ბერძენი ზორბა”-ს(The Greek Zorba) ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ. თეოდორაკისი იყო ფილმში შესრულებული ცეკვა “სირტაკის” მუსიკის ავტორი. მუსიკა სპეციალურად ამ ფილმისთვის შეიქმნა, თუმცა მსოფლიოში აღიქმება, როგორც ბერძნული ეროვნული ცეკვა.

თეოდორაკისის მუსიკალური ჟანრები მრავალფეროვანია – მან დაწერა სიმფონიები, ოპერები და ბალეტები, მათ შორის ბერძნული მითოლოგიიდან და ვოკალური ნაწარმოებების საფუძველზე.

კომპოზიტორი ასევე იყო პოლიტიკური აქტივისტი, იცავდა მემარცხენე შეხედულებებს, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეწინააღმდეგებოდა “შავი პოლკოვნიკების” ულტრამემარჯვენე რეჟიმს საბერძნეთში 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში.

თეოდორაკისი არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული – მოთავსებული ყოფილა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში, სამოქალაქო ომის დროს სამთავრობო ჯარების, ასევე “შავი პოლკოვნიკების”მიერ ყოფილა დაპატიმრებული.

რამდენიმე წელიწადი ემიგრაციაში საფრანგეთში გაატარა, თუმცა საბერძნეთში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, იყო პარლამენტის წევრი, მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები