„საკურა სილამაზის სიმბოლოა და მეც მინდოდა მარადიულად აყვავებული ეხილათ“ – ნინის ხელნაკეთები და ბონსაის ხეების ფერადოვანი სამყარო

ხატვა და მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა. ტინისხიდის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. სწავლობდინგლისურ ფილოლოგიურზე, პედაგოგიურის განხრით.
უყვარს მუსიკაც. დაამთავრა გორის სამუსიკო სასწავლებელი, ასევე მღეროდ გორის ბავშვთა კამერულ გუნდში.
ხელსაქმე დეკემბერში დაიწყო. შემდეგ კი ბონსაის ხეების დამზადებამ გაიტაცა. მის მიერ შექმნილი ულამაზესი მინიატურული ხეები ძალიან მოსწონს მნახველს. – ხელოვან ნინო ბეთლემიძის პერსონა.
– ბავშვობა ტინისხიდში გავატარე. დედაც და დეიდებიც ხელოვანები არიან ვფიქრობ, ჩემშიცაა რაღაც ნაწილი ხელოვნების. ბავშვობაში მიყვარდა მინიატურული ფიგურების გამოძერწვა, ვძერწავდი ცვილის ფიქურებს, შემდეგ დავიწყე თექაზე მუშაობის შესწავლა, თექისგან თმის სამაგრებს და სხვადასხვა აქსესუარს ვამზადებდი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისურ ფილოლოგიის განხრით დაამთავრეთ
–  უნივერსიტეტში სწავლის დროს სხვა მისწრაფებები მქონდა, ვაპირებდი, გავყოლოდი არჩეულ პროფესიას, თუმცა, ვფიქრობ, არასდროს არის გვიანი, მთავარია, გქონდეს დრო და სურვილი, რომ ყველაფერი გამოგივიდეს.
ხელსაქმეს რაც შეეხება, ეს ყველაფერი დავიწყე დეკემბერში, შევქმენი რამდენიმე ხელნაკეთი, გავაკეთე ფეისბუქგვერდი –  ნინის ხელნაკეთები  ჩემი ნამუშევრებისთვის. ასევე  სხვადასხვა ფეისბუქგვერდზე ვდებ ნაკეთობებს.
– გორის სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრეთ და ბავშვთა კამერულ გუნდში მღეროდით. როგორ დაიწყო მუსიკის სიყვარული?
მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, ერთ დროს დედაჩემიც მღეროდა ანსამბლ ,,აი ია“-ში. სახლში ხშირად ვმღეროდით ერთად, მიყვარდა, როცა ახალ სიმღერას მასწავლიდა. გორის სამუსიკო სასწავლებელში ერთმანეთს ვუთავსებდი სიმღერას და ფორტეპიანოს, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ორივე.
– თქვენს ხელნაკეთებს შორის ბონსაის ხეები სჭარბობს. რატომ გიყვართ ბონსაის ხე?
ბონსაის ხეების შექმნის პროცესი თავდაპირველად შემთხვევით ვნახე ფეისბუქზე და მიმიზიდა ამ პროცესმა. ბონსაის ხეები იმიტომ ავირჩიე, რომ, ბარაქის სხვა ხეებისგან განსხვავებით, რომელთა შეძენა ყველგან შეგვიძლია, ეს იშვიათობას წარმოადგენდა.
– ბონსაის ხეები სხვადასხვა ქვისგანაა დამზადებული… როგორ მუშაობთ?
– ბონსაის ხეებზე ვიყენებ სხვადასხვა ფერის კლდის ნატეხებს და ვცდილობ, ყველა ხეს მოვურგო შესაბამისი სადგამი. ზოგიერთ ხეს ვუკეთებ ქოთანს, ზოგს – ხისგან დამზადებულ სადგამს. ხეების დასამზადებლად ვიყენებ ფერად მავთულებს, ბისერებს და ნატურალურ ქვებს. მაგრამ მაინც გამოვარჩევდი მხოლოდ მავთულისგან დამზადებულ ხეებს, რომელთა ფოთლებიც ძალიან განსხვავებულად გამოიყურება.
მაქვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დამზადებული ხეებიც, მომხმარებელთან ერთად ვირჩევ მისთვისაც შესაბამისი ქვიდან რამდენიმეს, ვათანხმებთ ყველა დეტალს და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით იქმნება ხე.
– ულამაზესია საკურას ხე…
– ეს ხეც სხვადასხვა ვარიაციით შეიქმნა. საკურა სილამაზის სიმბოლოა და დიდი მოწონებით სარგებლობს იაპონიაში. იაპონიის მოსახლეობა დიდი აღტაცებით ელოდება საკურას ყვავილობას. ამ პერიოდში ისინი სამსახურშიც არ დადიან, რათა იხილონ ეს სილამაზე.
მინდოდა ეს ხე მუდამ აყვავებული ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე იაპონური ალუბლის ხის ასეთი ვერსიის შექმნა.
– ძირითადად, რომელ ხეზეა მოთხოვნილება?
– მოთხოვნილება ძალიან დიდია ბონსაის ერთერთ ხეზე, რომელიც დამზადებულია მხოლოდ მავთულისგან, აქვს ხისგან დამზადებული სადგამი,  ნაზი და ხშირი წითელი ფოთლები.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია: სიმღერა, ხატვა, გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა…
– გამოფენები…
–  ჯერ რამდენიმე თვეა, რაც ამ საქმით დავკავდი, დამზადებიდან ძალიან მალე ყველა ხელნაკეთი გაიყიდა. ასე რომ, გამოფენაც წინ მელის…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები