“ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, სრული ტყუილია”, – ამის შესახებ ცესკო-ში დარეგისტრირებული, არჩევნების სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, დენის დავითაშვილმა და „მწვანე დედამიწის“ თავმჯდომარემ, ნუგზარ მელაძემ განაცხადეს.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაშვილი და მელაძე „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ წევრების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურნენ.
ხუსკივაძის თქმით, ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი 11 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 9 ცესკო-ს გრანტიორია.
„გუშინ აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც შეეხნენ საკითხებს, რომელიც ჩვენი მხრიდან თავიდან ბოლომდე შეფასებულია, როგორც საარჩევნო პროცესისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია. აკაკი ხუსკივაძის მხრიდან ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რაც გრანტების გაცემა დაიწყო, დაახლოებით, 2008 წლიდან, ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროექტებს არ აფინანსებს. საგრანტო პროექტებს „ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ აფინანასებდა. მაგრამ, კანონში ცვლილებების შემდეგ, ეს ცენტრიც შარშანდლიდან არცერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აღარ აფინანსებს.
ცრუ ინფორმაციაა ხუსკივაძისა და კობალაძის მხრიდან, რომ, თურმე, საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ცესკო აფინანსებს და 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკო-ზეა მიბმული. ეს სრული ტყუილია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთოდ არ აფინანსებს, ამასთან, რაც მთავარია, გრანტების გამცემი სულ სხვა ორგანიზაცია იყო.
ასევე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობში არასანდო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, დასვეს კითხვა: რატომ არ შედის ჯგუფში დიდი ნდობით აღჭურვილი ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაციაო? მაგალითად საია დაასახელეს. მინდა, ვთქვა, რომ საკონსულტაციო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებისა და მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტების პროცესი კანონის სრული დაცვით მოხდა. საია-ს განაცხადი არ შემოუტანია.
რაც ბრიფინგზე ორივე აკაკიმ განაცხადა, იყო სრული სიცრუე და ხელისუფლების, კანონის, ცესკო-ს, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ნუგზარ მელაძემაც გააკეთა.
„მინდა, რამდენიმე დამატება გავაკეთო. ჩვენმა ორგანიზაციამ გრანტი აიღო „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ და არა – ცესკო-დან. სწავლების ცენტრის გრანტი მიმართული იყო ტრენინგებზე, რომლებიც სხვადასხვა ოლქსა და რეგიონში ტარდებოდა. საარჩევნო პროცესებთან, სიახლეებთან დაკავშირებით მოსახლეობას, ამომრჩევლებს, ყველა პარტიის კომისიის წევრებს ვატრენინგებდით. წინა წელს ეს საგრანტო პროგრამა გაუქმდა. ბატონმა აკაკიმ თქვა, რომ ჩვენ ვართ გრანტიორები ცესკო-დან, ეს სწორი არაა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ სწავლების ცენტრიდან ვიღებდით გრანტს“, – განაცხადა მელაძემ.