სოსო არჩვაძე – მშპ-ის ზრდაზე: 2021 წლის ივლისი საუკეთესოა საბიუჯეტო სახსრების მობილიზების თვალსაზრისით

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ეკონომიკის 2021 წლის პირველი შვიდი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია.

ეკონომიკის ექსპერტის, იოსებ არჩვაძის განცხადებით, ზრდა მიღწეულ იქნა დარგებში, რომლებშიც იქმნება ქვეყნის დამატებული ღირებულების თითქმის 9/10.

„წინა წლის ივლისთან შედარებით ზრდას ჰქონდა ადგილი ეროვნული ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, გარდა მშენებლობისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგებისა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს 7.7 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად – თითქმის ორჯერ – აღემატება ამავე ორგანიზაციის წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზს,“ – აღნიშნა არჩვაძემ.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის ივლისში, წინა თვეებთან შედარებით, რამდენადმე ზომიერი ზრდა ძირითადად განპირობებულია ბაზისის – წინა წლის ივლისის – შედარებით მაღალი დონით. იოსებ არჩვაძის თქმით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ვარდნის მასშტაბები 3-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე აპრილში (2020 წ. ივლისში, 2019 წლის ივლისთან – -5.5%, 2020 წწ. აპრილი 2019 წლის აპრილთან – -16.6%). იოსებ არჩვაძის თქმით, ივლისში საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემები იყო ბიზნესის განვითარების მხრივ. – ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4270 ერთეული შეადგინა, რაც 8.5%-ით აღემატება გასული წლის ივლისის მაჩვენებელს. საქმიანობის ამ სფეროში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ თითქმის 9.3 მლრდ. ლარს მიაღწია, რაც აღემატება: გასული წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელს – 26.5 პროცენტით და 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო თვიურ მაჩვენებელს -19.8 პროცენტით. მისი ინფორმაციით, ბიზნესის დინამიზმს 2021 წლის ივლისში „ტოლს არ უდებდა“ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაციაც: ექსპორტის ზრდამ 27.8 პროცენტი, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ – 48.5 პროცენტი შეადგინა და ზედიზედ მეორე თვის მანძილზე რეკორდული მოცულობა დააფიქსირა (2021 წ. ივლისში – 285.1 მლნ. აშშ დოლარი). ადგილობრივი ექსპორტის მსგავსად, მეორე თვეა (2021 წ. ივნისი-ივლისი) რეკორდულ დონეზეა უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მოცულობაც. იოსებ არჩვაძის თქმით, ექსპორტის უპირატესმა (დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო სწრაფმა) ზრდამ იმპორტთან შედარებით, აგრეთვე ფულადი ტრანზაქციების მატებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარებაში, რომელიც ივლისში ივნისთან შედარებით 1.1 პროცენტით, ხოლო აპრილთან შედარებით – 9.4 პროცენტით გამყარდა. „2021 წლის ივლისი საუკეთესო თვე აღმოჩნდა წლის გავლილ პერიოდში საბიუჯეტო სახსრების მობილიზების თვალსაზრისითაც. – ბიუჯეტის შემოსავლებმა ამ ერთ თვეში 1099 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 26.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის წინა ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელს – 15.8 პროცენტით აღემატება. აღნიშნული პროცესი ქმნის სახელმწიფო ვალდებულებების უფრო სრული და დროული დაფარვის შესაძლებლობას, მათ შორის სახელმწიფო ვალის დაჩქარებული მომსახურებისა და მისი ტვირთის (მშპ-სთან თანაფარდობის) შემცირების რეალურ პირობებს. საბიუჯეტო შემოსავლების მატების წინსწრება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით მოკლევადიან პერიოდში, ადასტურებს ეკონომიკის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროცესს, ხოლო ეკონომიკაში მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობის პრაქტიკულად უცვლელობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 112 ათასი კაცით და დასაქმების თითქმის 85 ათასით ზრდა დამაჯერებლად წარმოაჩენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს,“ – განაცხადა ექსპერტმა.

იოსებ არჩვაძის თქმით, აღნიშნული ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.

„მსოფლიოში სამთაგან ერთ-ერთმა წამყვანმა სარეიტინგო კომპანიამ S&P საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა, ისევე როგორც ქვეყნების უმრავლესობისათვის, უცვლელად დატოვა. სააგენტომ ჩვენი ქვეყნის რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებად მიიჩნია: საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე, მცურავი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მსხვილი ინსტიტუციური პროექტების დაფინანსების დროულად მიღების შესაძლებლობა. პოზიტიურ გარემოებად იქნა მიჩნეული აგრეთვე შიდა დაკრედიტების ზრდა, რაც უკავშირდება, ერთი მხრივ, მთავრობის იპოთეკურის სესხების სუბსიდირების პროგრამას, მეორე მხრივ კი – საბანკო-საფინანსო სექტორის მდგრადობას, რაც ასევე დიდწილად ხელისუფლების შეწონილი საფინანსო და (ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული) ფულად-საკრედიტო პოლიტიკითაა განპირობებული,“ – აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

მისი თქმით, S&P-ის სარეიტინგო შეფასებაში არსებითი როლი შეასრულა იმანაც, რომ მთელი რიგი ინდიკატორებს ანალიზის საფუძველზე, მათ შორის, ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირების პერსპექტივების გათვალისწინებით, წლის დასაწყისთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წელზე თითქმის გაორმაგდა და 7.5 პროცენტს მიაღწია.

S&P-ის ობიექტური, სამართლიანი და იმედის მომცემი ვერდიქტი ნამდვილად წაადგება ქართულ მხარეს საკუთარი პრობლემებისა და მათი დაძლევის რესურსების და გზების უკეთ შესაფასებლად და აღნიშნული მიმართულებით შემდგომი წარმატებების მისაღწევად. ამასთან, ის პოტენციალი, რაც ბოლო პერიოდში დაუგროვდა ქართულ ბიზნესს ცოდნის, გამოცდილების, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამკვიდრების ხაზით, გაერთიანებული იმ 2.5-მილიარდიანი პროგრამების რეალიზაციასთან, რასაც ქვეყნის ხელისუფლება უკვე 1-ელი სექტემბრიდან იწყებს, ქმნიან მყარ საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების, ხარისხობრივი ზრდის პარალელურად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში ქვეყნის სუვერენულმა საკრედიტო რეიტინგმა და მისმა პერსპექტივამ გაუმჯობესებული და პოზიტიური შეფასება დაიმსახურონ”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები