იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო – FEDEORA AWARD გადაეცა
იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი” კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო – FEDEORA AWARD გადაეცა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმში, რომელიც საქართველო-გერმანია-ლიეტუვის ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს, როლებს ნუცა კუხიანიძე, ივა ქიმერიძე, ეკა ჩავლეიშვილი, არჩილ მაკალათია, ვახო ჩაჩანიძე, თაკი მუმლაძე, მარლენ ეგუტია, ნანკა კალატოზიშვილი, დავით როინიშვილი და კიდევ სხვა მსახიობები ასრულებენ.
ფილმის ოპერატორია: დიმიტრი დეკანოსიძე.
„ოთარის სიკვდილი” მოგვითხრობს დედა-შვილზე, ქეთისა და ნიკაზე, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნიკა შემთხვევით მოხუცს შეეჯახება, დაზარალებულის ოჯახი კი მის წინააღმდეგ ბრალის შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიფიქრებს, თუ დედა-შვილი ზარალს ნაღდი ფულით აანაზღაურებს. ქეთის შვილის ციხიდან დასახსნელად დიდი თანხის შეგროვება უწევს. მოულოდნელი შემობრუნება დრამას ტრაგიკომიკურ სახეს აძლევს.
კარლოვი-ვარის კინოფესტივალი, რომელიც მხატვრულ და დოკუმენტურ ნამუშევრებს მოიცავს, ჩეხეთის რესპუბლიკის საკურორტო ქალაქში 20-28 აგვისტოს გაიმართა.