ირაკლი ქადაგიშვილი: სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია სჭირდება
“ალბათ, სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია სჭირდება”,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
„საბჭოთა კავშირისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მძიმე დარტყმები გადავიტანეთ და, ამ ჰიბრიდული ომის მიუხედავად, რომელიც ახლაც გრძელდება, ქვეყანა წინ მაინც ეფექტურად მიდის. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა და უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის, გარედან კი, მათი წახალისება ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანა არ არის. ალბათ, პირველ ყოვლისა, ყველამ თავის ქვეყანაზე უნდა იზრუნოს. ის, რომ ესტონეთი და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ, განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ფაქტორებით. საქართველოს სასამართლო სისტემასთან შედარებით ძალიან შორს წასული არც მათი სასამართლო სისტემა იყო. ვერც ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ მოვა ჩვენს სასამართლო სისტემასთან. ამიტომ, გეოპოლიტიკა და რეალური პრობლემები ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა, ამას დიდი დრო სჭირდება.