ეუთო/ოდირ-ის მისიამ საქართველოში 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის მუშაობა დაიწყო
2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს ეუთო/ოდირ-ის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია 2021 წლის არჩევნებისთვის მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა და პირველი ოფიციალური შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან გამართა.
ცესკო-ს ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების იმ ნორმებსა და წესებზე, რომელიც როგორც ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე იმოქმედებს.
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსადა ამ ცვლილების იმპლემენტაციაზე ისაუბრა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 აგვისტოს შედგა. საქართველოში ეუთო/ოდირ-ის მისიას ალბერტ იონსონი ხელმძღვანელობს.