ადვოკატი: ზურაბ ზვიადაურს თოდუას კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, ზვიადაურს თოდუას კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, რის გამოც პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა.

მისივე თქმით, ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია, კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

“თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, გამოყვანილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან. დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებულია კვლევის დასკვნაზე. მანამდე მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაც გართულებულია. მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ ისევ დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში“, განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათივე ცნობით, აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

უწყების ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ. უწყებაში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და „საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზურაბ ზვიადაურს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები