სერგო ჩიხლაძე: 30 აგვისტოს აქტიურ საარჩევნო კამპანიას გავხსნით, მაგრამ მოვითხოვთ, ხელისუფლებამ წარმოგვიდგინოს სამოქმედო გეგმა, რას აკეთებს ინფიცირებულთა სტატისტიკის შესამცირებლად
“დაანონსებული გვაქვს 30 აგვისტოს აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა, მაგრამ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, წარმოგვიდგინოს უახლოესი რამდენიმე კვირის სამოქმედო გეგმა, თუ რას აკეთებს კოვიდსტატისტიკის რიცხვების შესამცირებლად”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„დღეს არჩევნებამდე დარჩენილია 37 დღე, შარშან ამ დროს, იმავე პერიოდში კოვიდით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 200-300-ის ფარგლებში იყო, დღეს 4-5-6 ათასი გვყავს. შარშან მთელი თვის განმავლობაში, მაგალითად, სექტემბერში სულ 22 ადამიანი გარდაიცვალა, წელს მარტო დღეს დავკარგეთ 79 ადამიანი და არასრული აგვისტოს თვის განმავლობაში 1500-მდე ადამიანი. აქედან გამომდინარე, დავფიქრდეთ ამ რიცხვებსა და ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენი გუნდი მზად ვართ და დაანონსებულიც გვაქვს 30 აგვისტოს აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა, მაგრამ ერთადერთი, რასაც მოვითხოვთ ხელისუფლებისგან არის ის, რომ წამოგვიდგინონ უახლოესი რამდენიმე კვირის სამოქმედო გეგმა, რას ვშვრებით, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, რას აკეთებენ ამ საშინელი რიცხვების შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველა ჩავატარებთ არჩევნებს, მაგრამ ის, რაც მოხდება სექტემბერ-ოქტომბერში, მთლიანად იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ეს გაითვალისწინოს ხელისუფლებამაც და საკოორდინაციო საბჭოს წევრებმაც“, – განაცხადა ჩიხლაძემ.