JT: იაპონია Moderna-ს ვაქცინის 2 მილიონამდე დოზის გამოყენებას აჩერებს, ფლაკონში აღმოჩენილი უცხო მინარევების გამო

იაპონიამ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 1,63 მილიონი დოზის გამოყენება შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში ფლაკონებში აღმოჩენილი უცხო მინარევების შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გაზეთი – The Japan Times-ი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ იბარაკის, საიტამაშის, ტოკიოს, გიფუსა და აიტის პრეფექტურების ვაქცინაციის 8 პუნქტში 39 ფლაკონში უცხო ნივთიერებების არსებობა დაადასტურეს. ამ ნაწილაკების ზომა რამდენიმე მილიმეტრია და მათი შემადგენლობა უცნობია.

გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ფლაკონების პარტია უკვე გადანაწილებულია 863 ვაქცინაციის ცენტრში, სამინისტრო სთხოვს ცენტრებს, შეაჩერონ მათი გამოყენება.

იაპონიის წამლის მწარმოებელ “ტაკედაში”, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ვაქცინის გაყიდვასა და გავრცელებაზე, ამბობენ, რომ ჯერ არ მიუღიათ ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, გამოდის დაჟინებული რეკომენდაციით, რომ “მოდერნას” ვაქცინის გამოყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდეს.

თავის მხრივ, კომპანია Moderna-ში ადასტურებენ, რომ მიიღეს ანგარიშის ასლი ფლაკონებში უცნობი წარმოშობის მყარი ნაწილაკების აღმოჩენის შემთხვევებზე.

“ჩვენ უკვე ვსწავლობთ ანგარიშს და ვმუშაობთ “ტაკედასთან” და სამთავრობო უწყებებთან ამ საკითხის მოსაგვარებლად”, – ნათქვამია “მოდერნას”ვაქცინის წარმომადგენლების განცხადებაში.

იაპონიის მთავრობამ Moderna-სთან სექტემბრის ბოლომდე ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიღების კონტრაქტი გააფორმა. ამჟამად, ქვეყანაში აცრის გაკეთება დასაშვებია 12 წლიდან პირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები