სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი, პროფესორი ინგა ქარაია გარდაიცვალა
გარდაიცვალა სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი, პროფესორი ინგა ქარაია. ამის შესახებ სამხატვრო აკადემია ავრცელებს ინფორმაციას.
„დღეს სამხატვრო აკადემიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა… გარდაიცვალა ინგა ქარაია.
ჩვენი მეგობარი, კოლეგა, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელძღვანელი, ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი, ლექტორი, უამრავი განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტის ავტორი.
გახლდათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. აქტიურად მუშაობდა სახვითი ხელოვნების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმმცოდნეობის დარგებში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზატორი და მონაწილე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში, ეროვნულ გალერეაში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. საქართველოში სამუზეუმო დარგის განვითარებაში ქალბატონი ინგას მიერ შეტანილი წვლილი შეუფასებელია… სამხატვრო აკადემიის უკლებლივ ყველა თანამშრომლის სახელით ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და ვეცდებით, ქალბატონი ინგას მიერ წამოწყებული ყველა პროექტი, რომლებსაც გეგმავდა, მისი სახელით განვახორციელოთ“, – აღნიშნულია სამხატვრო აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.